პარავაქცინა

პარავაქცინა – (paravacccina; ბერძ. Para მახლობლად + ლათ. Vaccinus ძროხის; სინ.: ,,მწველავის კვანძები”) ინფექციური დაავადება, რომელიც ხასიათდება კანზე უმტკივნეული მკვრივი კვანძების წარმოქმნით. დაავადების გამომწვევია ვირუსი Strongyloplasma paravaccine; გამომწვევი აღწევს კანში მისი უწვრილესი დაზიანებების გავლით. ინკუბაციური პერიოდი 4 – 10 დღემდეა, რაც შესაძლებელია გაგრძელდეს 20 დღემდე. დაავადების დასაწყისი ხასიათდება კანზე ვარდისფერი ლაქების გაჩენით, რომელიც მოგვაგონებს მწერის ნაკბენს, რასაც თან ახლავს ქავილი ან ჩხვლეტა. შემდგომში წარმოიქმნება მოწითალო ფერის, მრგვალი ან ოვალური ფორმის, მკვრივი კვანძი, 2 – 3 მმ ზომის; 3 – 4 დღის შემდეგ კვანძი დიდდება 5 – 20 მმ – მდე; მისი ცენტრალური ნაწილი ხდება გამჭირვალე, ექსუდატით ამოვსების შედეგად; მე – 5 – 7 დღეზე კვანძის ცენტრში წარმოიქმენბა ჩანაზნექი და კვანძი ღებულობს მუქ შეფერილობას. განვითარებული ელემენტი არსებობს 4 – 10 კვირის მანძილზე; კვანძის უკუგანვითარება გრძელდება 2 – 3 კვირის განმავლობაში. დაავადების დაწყებიდან 6 – 10 დღის შემდეგ ვითარდება ლიმფადენიტი. დიაგნოზის დადგენა ხდება კლინიკური სურათისა და ეპიდემიოლოგიური ანამნეზის საფუძველზე. მკურნალობის სპეციფიკური საშუალებები არ არსებობს; პროგნოზი კეთილსაიმედოა.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.