პედიკულოზი (ტილიანობა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პედიკულოზი (ტილიანობა) – 1. (კანისა და ვენ. დაავ.) კანის პარაზიტული დაავადება, რომელიც გამოწვეულია თავის, ტანსაცმლის ან ბოქვენის ტილების კბენის შედეგად. დაავადების გადაცემა ხდება პირადი ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში. სიმპტომები. თავის ტილიანობის დროს აღინიშნება კანის ქავილი, განსაკუთრებით კეფის და საფეთქლის მიდამოში, თმებში წილების არებობა. კანზე წარმოიქმნება პაპულოზურ – ვეზიკულური ელემენტები, გართულების შემთხვევაში – პუსტულები. ტანსაცმლის რუხი ფერის ტილები ცხოვრობენ ტანსაცმლის და თეთრეულის ნაკეცებში. კანზე მათი კბენის შედეგად ჩნდება პატარა ლაქოვან – პაპულოზური გამონაყარი, ნაფხანები. ბოქვენის ტილები პარაზიტობენ ბოქვენის, ბარძაყების მედიალური ზედაპირის, კუნთქვეშა ფოსოების, იშვიათად წარბების და წამწამების მიდამოებში. დასნებოვნება ხდება ახლო კონტაქტის, სქესობრივი კონტაქტის მეშვეობით, ზოგჯერ აბაზანაში და აუზში. კბენის ადგილებში ჩნდება ნაცრისფერ – მოცისფრო ლაქები, რაც განპირობებულია სანერწყვე ჯირკვლების სეკრეტის ზემოქმედებით ჰემოგლობინის ცვლილებებით, ნაფხანებით. მეორადი ინფექციის დართვის შემთხვევაში ვითარდება პიოდერმიტები. პროფილაქტიკა. პირადი ჰიგიენის წესების დაცვა, ტილიანობის აღმოჩენის შემთხვევაში – ოჯახის ყველა წევრის გასინჯვა. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ თავის და ტანსაცმლის ტილები წარმოადგენენ მუცლის და შებრუნებითი ტიფის გამომწვევების გადამტანებს. 2. პედიკულოზი (ტილიანობა) – წვრილი სისხლმწოვი მწერების – ტილების – პარაზიტობა ადამიანის სხეულზე. ტილები ბინადრობენ ადამიანის თმებში (თავის ტილი), თეთრეულზე და ტანსაცმელზე (ტანსაცმლის ტილი), ბოქვენის მიდამოსა და სხეულის სხვა თმიანი ნაწილებზე (ბოქვენის ტილი. მდედრი ტილი ყოველდღიურად დებს 5 – 15 კვერცხს, რომელიც მჭიდროდაა მიკრული თმებზე და თეთრეულზე. განვითარების პერიოდის ხანგრძლივობა კვერცხების დადებიდან მომწიფებამდე არის 16 დღე. ტილები გადადის ადამიანიდან ადამიანზე უშუალო კონტაქტის დროს. ბოქვენის ტილი ხშირად გადაეცემა სქესობრივი გზით. პედიკულოზი ვლინდება კანის ქავილით ტილის ნაკბენის ადგილზე, წვრილი, მორუხო – მოცისფერო ლაქებით კანზე, განაკაწრებით, წილებით თმებზე. განაკაწრების ინიფიცირების შედეგად შესაძლებელია განვითარდეს ჩირქოვანი დაავადებები. თავისა და ტანსაცმლის ტილები წარმოადგენენ პარტახტიანი ტიფისა და რიგი სხვა რიკეტსიოზების გადამტანებს. მკურნალობა. პედიკულოზის სამკურნალოდ გამოიყენება ქიმიური საშუალებები. პროფილაქტიკა – პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა