ნერვები

ნერვები – 1. (ლათ. nervus < ბერძნ.neuron  –  ნერვი, ძარღვი), ნერვული ბოჭკოების კონები, რომლებიც ტვინს ან ნერვულ კვანძებს სხეულის სხვა ნაწილებთან აკავშირებენ. ადამიანისა და ხერხემლიანი ცხოველების ნერვები თითქმის მთლიანად მიელინიანი ბოჭკოებისაგან შედგება. ნერვულ ბოჭკოებთან ერთად ნერვების შექმნაში მონაწილეობს შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც ქმნის ცალკეულ ბოჭკოების, მათი კონებისა და მთელი ნერვების გარსებს. ბოჭკოების მიხედვით განასხვავებენ მგრძნობიარე (აფერენტულ), მამოძრავებელ (ეფერენტულ) და შერეულ ნერვებს. ნერვები ნერვულ კვანძებთან და ზოგ ორგანოებში მყოფ წნულებთან ერთად შეადგენენ ე. წ. პერიფერიულ ნერვულ სისტემას, რომელშიც ცენტრალური ნერვული სისტემის ნაწილების შესაბამისად, განასხვავებენ ზურგის ტვინისა (სპინალურ) და თავის ტვინის (ცერებრალურ) ნერვებს. ზურგის ტვინის ნერვები შერეულია, თითოეული მათგანი იწყება 2 ფესვით: წინა ფესვი მამოძრავებელია, უკანა მგრძნობიარე (უმდაბლეს ხერხემლიანებში  –  შერეული) და კვანძიანი (მრგვალპირიანების თითოეული ფესვი დამოუკიდებელ ნერვებად გრძელდება). ძუძუმწოვრებისა და ადამიანის ზურგის ტვინის ნერვებისაგან მხოლოდ მცირე ნაწილია (მკერდის ნერვები) დამოუკიდებელი, დანარჩენიკი ერთმანეთს უკავშირდება და ქმნის 3 დიდ წნულს  –  კისრის, მხრისა და წელ – გავისას. ადამიანსა და ძუძუმწოვრებს თავის ტვინის 12 წყვილი ნერვები აქვთ, რომელთაგან 4 სპეც. შეგრძნებისაა (ყნოსვის, მხედველობის, სმენისა და ენა – ხახის), 6  –  მამოძრავებელი (თვალის მამოძრავებელი, ჭაღისებრი, განმზიდველი, სახის, დამატებითი და ენისქვეშა) და 2  –  შერეული (სამწვერა და ცთომილი); სხვა ხერხემლიანებს დამატებითი და ენისქვეშა ნერვები არა აქვთ. ადამიანს ზურგის ტვინის 31 წყვილი ნერვები აქვს. შინაგანი ორგანოების ნერვები და შესაბამისი კვანძები შეადგენენ ე. წ. ვეგეტატიურ ნერვულ სისტემას. ლ. ნათაძე. [“1”] 2.  ნერვული ბოჭკოების კონები, რომლებიც ტვინს ან ნერვულ კვანძებს სხეულის სხვა ნაწილებთან აკავშირებენ.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.