ოვულაცია

ოვულაცია – 1. (ovulatio ლათ.ovum – კვერცხი) საკვერცხის გრააფის – ბუშტუკისებრი მწიფე ფოლიკულიდან ოოციტის ამოვარდნა (გამოსვლა) აბდომინურ ღრუში, რის შემდეგ იგი კვერცხსავალში ხვდება. ქალის ორგანიზმში ოვულაცია მიმდინარეობს უკანასკნელი მენსტრუაციის დაწყებიდან მე – 12 – 16 დღეს. ოვულაცია ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც მიმდინარეობს რამდენიმე წუთს და შეიცავს ორ პერიოდს:

1. საკვერცხის ზედაპირზე გადაადგი­ლებული ფოლიკულის გასკდომას;

2. ფოლიკულიდან კვერცხუჯრედის ამოგდება – ამოვარდნას და ფოლიკულური სითხის გამოსვლას. ოვულაციის მომენტისათვის გრააფის ბუშტუკის დიამეტრი 10 – 15 მმ – ია. ამ პერიოდში კვერცხუჯრედი გარშემოვლებულია სხივური გვირგვინის 3400 – 4000 უჯრედით, გამჭირვალე ზონით და კვერცხის შემცველი გორაკის მარცვლოვანი შრის უჯრედებით (შესაძლებელია შპრიცით მისი ამოღება). ფაზურ – კონსტრასტულ მიკროსკოპში მკვეთრად ჩანს მარცვლოვანი შრის უჯრედების მილაკოვანი მორჩები – კანიულები. ისინი გამჭირვალე ზონის მთელ სისქეშია (8 – 10 მკმ) და ბოლოვდება მისი შიგნითა ზედაპირის დონეზე. ასეთი კანიულები შესაძლებელია გაერთიანდეს ერთმანეთთან, წარმოქმნას ერთიანი კოლექტორი, რომელიც იხსნება პერივიტელინურ სივრცეში და ციტოპლაზმის და მარცვლოვანი შრის უჯრედების ნივთიერე­ბათა ცვლის პროდუქტებს გადაუშვებს აღნიშნულ სივრცეში. კანიუ­ლები არ იწვევს გამჭირვალე ზონის არავითარ დეფორმაციას, ე.ი. იგი ძლიერ ელასტიკურია, გამძლეა, განსაკუთრებით მტკიცეა ის ზედაპირ­ზე. ეს თვისებები კვერცხუჯრედის საშვილოსნოს ლულაში მიგრაციის, მორულისა და ბლასტოცისტას პერიოდშიც შენარჩუნებულია.

3. შვილოსნობის უნარის მქონე ქალებში მომწიფებული, განაყოფიერებისათვის მზად მყოფი კვერცხუჯრედის გამოსვლა საკვერცხის ფოლიკულიდან მუცლის ღრუში.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი