პიურია

პიურია

პიურია მდგომარეობაა, როდესაც შარდში აღინიშნება ჩირქი. პიურიას ასევე უწოდებენ ლეიკოციტურიას.. პიურია შეიძლება იყოს როგორც ქალის, ასევე, მამაკაცის შარდ-სასქესო სისტემის მრავალი სხვადასხვა დაავადების სიმპტომი. პიურიის გამოვლენა ხდება შარდის ლაბორატორიული გამოკვლევით. 

 1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

პიურია – შარდში ჩირქის არსებობა.

2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

შარდში მცირე რაოდენობით ლეიკოციტების არსებობა ნორმად მიიჩნევა ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში. ამის გამო პიურიაზე ეჭვის მიტანისას ქალის შემთხვევაში ანალიზისათვის შარდის აღება ხდება კათეტერის მეშვეობით, მამაკაცის შემთხვევაში კი სასქესო ასოს თავის დეზინფექციის შემდეგ. თუ ანალიზით დგინდება, რომ შარდის ნალექი ექვსზე მეტ ლეიკოციტს შეიცავს მიკროსკოპის მხედველობის არეში, საუბრობენ პიურიაზე.  თუ შარდი დიდი რაოდენობით ჩირქს შეიცავს, იღებს მღვრიე  შეფერილობას. უფრო ზუსტი ინფორმაციის მისაღებად ხდება ფორმიანი ელემენტების სპეციალური მეთოდით დათვლა.

პიურია შეიძლება აღინიშნებოდეს შარდ-სასქესო სისტემის ორგანოების ანთებითი პროცესების გამო, პროსტატიტის დროს, ძალზედ იშვიათად მიმდებარე ორგანოების ჩირქოვანი წარმონაქმნის პერფორაცისას.

პიურიის არსებობისას მიმართავენ სამი ჭიქის სინჯს.  ამისათვის შარდს აგროვებენ სამ სხვადასხვა ჭურჭელში.  თუ პირველ ჭიქაში აღმოჩნდა ლეიკოციტები, ანთებითი პროცესი შარდსადენის წინა ნაწილშია, მესამე ჭიქაში ლეიკოციტების არსებობა მიუთითებს წინამდებარე ჯირკვლის  ან  თესლის გამომტანი სადინრების დაზიანებაზე.

თუ სამივე ჭურჭელში აღმოჩნდება  დაახლოებით ერთნაირი რაოდენობის ლეიკოციტები, ეს სავარაუდოდ თირკმლის ანთებითი პროცესის მიმანიშნებელია. ეტიოლოგიური ფაქტორის დასადგენად საჭიროა პაციენტის გულმოდგინე გამოკვლევა.

პიურია პრაქტიკულად ყოველთვის ბაქტერიურიის თანხლებით მიმდინარეობს. თუ შარდის ანალიზში მიკროორგანიზმები  არ აღინიშნება საუბარია ასეპტიურ პიურიაზე, რაც მოსალოდნელია თირკმლების ტუბერკულოზის დროს.

პიურია ბავშვთა ასაკში ჩვეულებრივ თირკმლებში ანთებითი პროცესის მიზეზით ვითარდება. მიმდინარეობის ხასიათის მიხედვით პიურია შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. ამასთან მწვავე პიურია შესაბამისად თირკმლების მწვავე ინფექციური პროცესის ვითარდება. ქრონიკული პიურია თან ახლავს შარდ-სასქესო სისტემის თანდაყოლილ პათოლოგიებსა და დაავადებებს. პიურიის მკურნალობის დაწყებისას ბავშვებში აუცილებელია უროლოგიური გამოკვლევის ჩატარება.

პიურიის მკურნალობა კომპლექსურია. გამწვავებისას აუცილებელია მკაცრი წოლითი რეჟიმის დაცვა, დიდი რაოდენობით სითხის მიღება, ვიტამინების მიღება, ბალანსირებული კვება, ინფექციური კერის დამუშავება. ქრონიკული პიურიის მკურნალობისას მნიშვნელოვანია  ძირითადი დაავადების მკურნალობა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

შარდის გამომყოფი სისტემის დაავადებები

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..