პოიკილოდერმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პოიკილოდერმია – (poikilodermia; ბერძ. Poikilos ჭრელი + derma კანი) კანის დისტროფიული ცვლილებების კომპლექსი, რომელიც ხასიათდება ბადისებრი ჰიპერპიგმენტაციით, კანის ატროფიის გაფანტული უბნების მონაცველობით და ტელეანგიექტაზიებით. პოიკილოდერმია შეიძლება იყოს შეძენილი და თანდაყოლილი, სიმპტომური და დამოუკიდებელი. სიმპტომური პოიკილოდერმია შეიძლება იყოს სხივური დერმატიტის, პარაფსორიაზის, დერამტომიოზიტის, სკლეროდერმიის, ასევე სოკოვანი მიკოზის გამოვლინება. დამოუკიდებელ კლინიკურ ფორმას მიაკუთვნებენ ატროფიულ სისხლძარღვოვან პოიკილოდერმიას, თანდაყოლილ პოიკილოდერმიას და სივატის რეტიკულურ პოიკილოდერმიას. დაავადების დროს აღინიშნება ეპიდერმისის გათხელება, მელანინის დაგროვება კანის ბაზალურ შრეში, სისხლძარღვთა სანათურის გაფართოება. ატროფიული სისხლძარღვოვანი პოიკილოდერმიის მიმდინარეობა ქრონიკულია; ზიანდება სახე, კისერი, ტანი და კიდურები. კანზე გარდა ძირითადი ცვლილებებისა – ტელეანგიექტაზიები, პიგმენტური ლაქები და ატროფიული უბნები, შესაძლოა აღინიშნებოდეს პეტექიები, აქერცვლა, მილიარული მოწითალო – მოყავისფერო ფოლიკულური კვანძები. თანდაყოლილი პოიკილოდერმია ვლინდება ადრეული ბავშვობის ასაკში; თავდაპირველად გამონაყარი ატარებს დიფუზური ან ლაქოვანი ერითემის ხასიათს, შემდგომში ჩნდება ტელეანგიექტაზიები, სახის, კისრის, კიდურების კანის მსუბუქი ატროფიის უბნები. დამახასიათებელია სახის სამკუთხა ფორმა, ფართო შუბლითა და პატარა ნიკაპით, შესაძლოა აღინიშნებოდეს ჩონჩხის ანომალია, ზრდის შეჩერება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..