რინოვირუსული დაავადება

რინოვირუსული დაავადება

რინოვირუსული დაავადება, რინოვირუსული დაავადება – ეტიოლოგია, პათოგენეზი, რინოვირუსული დაავადება – კლინიკური სურათი, რინოვირუსული დაავადება – დიაგნოსტიკა, რინოვირუსული დაავადება – გართულებები, მკურნალობა, პროფილაქტიკა >>>

 1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

რინოვირუსული დაავადება – (ბერძ. Rhis rhinos ცხვირი  + ლათ. Virus შხამი) ზედა სასუნთქი გზების მწვავე დაავადება, რომელსაც იწვევს რინოვირუსების დიდი ჯგუფი და მიმდინარეობს ცხვირისა და ცხვირ – ხახის ლორწოვანი გარსის დაზიანებით. ზომიერი კლიმატის პირობებში რინოვირუსული დაავადება გვხვდება მთელი წლის განმავლობაში. ძირითადი ცვლილებები ლოკალიზდება ცხვირის ლორწოვანში – იგი შუპდება, აღინიშნება დამახასიათებელი ჰიპერსეკრეცია და ეპითელის დესქვამაცია. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 1 – დან 5 დღემდე. დაავადება იწყება მწვავედ, ზოგადი სისუსტითა და შემცივნებით. აღინიშნება ყელში ,,ჩაფხაჭნის” შეგრძნება, ცემინება, ცხვირის გაჭედვა, თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ტკივილი და ტეხვის შეგრძნება კიდურებში; ტემპერატურა ნორმალური ან სუბფებრილურია. დაავადების მეორე დღიდან იწყება უხვი გამონადები ცხვირიდან, რასაც თან ახლავს ცხვირის გასავლების სიწითლე, გაღიზიანება და მაცერაცია. აღინიშნება ფარინგიტი, მშარი ხველა, კონიუნქტივიტი, ცრემლდენა. დაავადების ხანგრძლივობა 1 – 3 დღიდან 3 კვირამდეა. გართულება წარმოიქმნება მეორადი ბაქტერიული ინფექციის დართვისას; მკურნალობა სიმპტომატურია, პროგნოზი – კეთილსაიმედო.

2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

რინოვირუსული დაავადება – მწვავე ანთროპონოზული ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცხვირის ლორწოვანი გარსის  შერჩევითი დაზიანება.

რინოვირუსული დაავადება – ეტიოლოგია, პათოგენეზი

რინოვირუსული დაავადების გამომწვევია რნმ  – შემცველი რინოვირუსები, რომელთა 110-ზე მეტი სეროტიპია ცნობილი. ვირიონები მდგრადია გარემო პირობების მიმართ, ინაქტივირდება 500 C-ზე, 10 წუთის განმავლობაში, ჰაერზე გამოშრობისას ვირუსების დიდი ნაწილი კარგავს ინფექციურობას რამდენიმე წუთში.

რინოვირუსული ინფექციის წყაროს წარმოადგენს ავადმყოფი ადამიანი და ვირუსის მტარებელი. ავადმყოფი გამომწვევის გამოყოფას იწყებს დაავადების კლინიკური ნიშნების გამოვლენიდან 1 დღით ადრე და შემდეგ 5-9 დღის განმავლობაში. რინოვირუსული დაავადების გადაცემის მექანიზმი ჰაერ-წვეთოვანია, თუმცა შესაძლებელია კონტაქტური გზით გავრცელება, ავადმყოფის მიერ გამოყოფილი გამომწვევით კონტამინირებული საყოფაცხოვრებო ნივთების მეშვეობით.

რინოვირუსული ინფექციისადმი მიმღებლობა საკმაოდ მაღალია, გვხვდება ყველა ასაკობრივ ჯგუფში. რინოვირუსული დაავადება გავრცელებულია ყველგან, ზომიერი კლიმატის პირობებში და რეგისტრირდება მთელი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი ავადობა მატულობს გაზაფხულსა და შემოდგომაზე. რინოვირუსული დაავადება მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების 25-40%-ს შეადგენს. ჩვეულებრივ ეპიდემიები ლოკალური ხასიათისაა.

რინოვირუსული ინფექციის კარს წარმოადგენს  ცხვირის ლორწოვანი გარსი, სადაც ეპითელიოციტებში მიმდინარეობს ვირუსის რეპროდუქცია,  თან ახლავს უჯრედების დეგენერაცია, ადგილობრივი კატარალური  ხასიათის ანთებითი რეაქციის განვითარებით, სისხლსავსეობა, სისხლძარღვების გაფართოება, ზომიერი ლიმფოციტური ინფილტრაცია, ლორწოვანი გარსის შეშუპება და სეკრეციის მკვეთრი გაძლიერება. ბავშვებში ანთებითმა პროცესმა შეიძლება მოიცვას სასუნთქი გზების სხვა ნაწილები – ხორხი, ტრაქეა, ბრონქები. დადგენილია, რომ რინოვირუსული ინფექცია შეიძლება გახდეს ქრონიკული ოტორინოლარინგოლოგიური დაავადების მიზეზი.

ინფექციური პროცესის განმავლობაში წამოიქმნება ვირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულები, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში ნარჩუნდება ორგანიზმში,  თუმცა პოსტინფექციური იმუნიტეტი მკაცრად ტიპოსპეციფიურია, ამიტომაც შესაძლებელია განმეორებითი ავადობა სხვა სეროვარით.

რინოვირუსული დაავადება – კლინიკური სურათი

რინოვირუსული დაავადების  ინკუბაციური პერიოდი არ აღემატება 7, საშუალოდ კი შეადგენს 1-3 დღეს. ახასიათებს მწვავე დასაწყისი, ვლინდება ცხვირის „გაჭედვის“ შეგრძნებით, სიმშრალითა და ქავილით  ცხვირ-ხახაში, მცირე ზოგადი სისუსტით. ვითარდება რინიტი უხვი სეროზული, შემდეგ კი ლორწოვანი გამონადენით. შესაძლოა თან დაერთოს მშრალი ხველა. მკვეთრად გამოხატული რინორეის ფონზე აღინიშნება დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობა, სხეულის სუბფებრილური ან ნორმალური ტემპერატურა. ზოგჯერ შეინიშნება ცრემლდენა, კონიუნქტივიტი, სკლერის სისხლძარღვების ინექცია. კლინიკური ნიშნების გამოვლინება გრძელდება ერთი კვირა და იშვიათად ხანგრძლივდება 10-14 დღე.

რინოვირუსული დაავადება – დიაგნოსტიკა 

დიაგნოსტირება ხდება კლინიკური ნიშნების საფუძველზე, პრაქტიკაში ლაბორატორიული კვლევები არ გამოიყენება, თუმცა არსებობს რინოვირუსული ინფექციის დიაგნოსტირების ვირუსული და სეროლოგიური მეთოდები. ჰემოგრამაზე არსებული ცვლილებები არაა სპეციფიური. რინოვირუსული ინფექცია უნდა განვასხვავოთ სხვა მწვავე რესპირაციული ვირუსული დაავადებებისაგან, მხედველობაში მიღებულ უნდა იქნეს ძირითადი სიმპტომი უხვი რინორეა, სუსტად გამოხატული ზოგადი ინტოქსიკაციის ფონზე ან მის გარეშე.

რინოვირუსული დაავადება – გართულებები, მკურნალობა, პროფილაქტიკა

რინოვირუსული დაავადების გართულებები გვხვდება იშვიათად, რაც ჩვეულებრივ დაკავშირებულია მეორად  ბაქტერიულ ინფექციასთან (სინუსიტები,ოტიტი, ბრონქიტი, პნევმონია და სხვა). რაც შეეხება მკურნალობას ტარდება სიმპტომური თერაპია. რინოვირუსის მრავალი ანტიგენური ვარიანტის არსებობა აძნელებს აქტიური პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავებას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

ინფექციური დაავადებები