სეფსისური გახანგრძლივებული ენდოკარდიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სეფსისური გახანგრძლივებული ენდოკარდიტი – ინფექციური ხასიათის დაავადება, რომელიც მიმდინარეობს როგორც გულის (პირველ რიგში ენდოკარდიუმის), ასევე სხვა შინაგანის ორგანოების დაზიანებით. ენდოკარდიტი უფრო ხშირად უვითარდებათ გულის რევმატიული ან თანდაყოლილი მანკებით (მათ შორის ოპერაციის შემდგომი), ასევე ათეროსკლეროზით დაავადებულებს. იშვიათად დაავადება ვითარდება შეუცვლელი გულის ფონზე. ჩვეულებრივ დაავადების გამომწვევია მომწვანო სტრეპტოკოკი, იშვიათად სტაფილოკოკი ან სხვა მიკროორგანიზმები.  სიმპტომები. ხშირად კლინიკური სურათის პირველადი გამოვლინება ხასიათდება არაკარდიალური სიმპტომებით. ტიპიურ შემთხვევებში აღინიშნება მაღალი ცხელება შემცივნებით, ოფლიანობით, სახსრებში ტკივილი ზოგჯერ პოლიართრიტით, კანზე და ლორწოვან გარსებზე, კერძოდ ქვედა ქუთუთოზე, პეტექიალური გამონაყარი (ლუკინის სიმპტომი). თითები იღებენ ,,დოლის ჩხირისებრ’’ ფორმებს, ფრჩხილები – ,,საათის მინისებრს’’. დამახასიათებელია აორტის სარქვლის ნაკლოვანების ფორმირება V წერტილში დიასტოლური შულის გამოვლინებით და დიასტოლური წნევის შემცირებით. პარალელურად ზიანდება მიოკარდიც, რის გამოც ვითარდება რიტმის დარღვევა და შეგუბებითი მოვლენები. ძალიან ხშირად ვითარდება ელენთის და ღვიძლის გადიდება, თირკმლების დაზიანება პროტეინურიით ნეფრიტის ან თრომბოემბოლიების ხარჯზე. სისხლში აღინიშნება ანემია, ლეიკოპენია, ედს – ის მომატება, ცილოვანი გადახრები. აღინიშნება დადებითი ფორმოლის სინჯი. სისხლის დათესვით, რომელიც აუცილებელია გაკეთდეს ანტიბიოტიკებით მკურნალობის დაწყებამდე, ზოგჯერ შესაძლებელია გამოიყოს დაავადების გამომწვევი, რასაც დიდი მნიშვნელობა გააჩნია მკურნალობის შერჩევისთვის. უკანასკნელ წლებში, გაცილებით ხშირად გვხვდება დაავადების მიმდინარეობის წაშლილი ფორმები მაღალი ცხელების გარეშე. ამასთან, კლინიკურ სურათში ჭარბობს ერთი რომელიმე ორგანოს დაზიანების ნიშნები: თირკმლების, სახსრების, ძვლის ტვინის, ანემიიის განვითარებით, ელენთის, იმ პაციენტებში, რომლებთაც აქვთ წარსულში ფორმირებული გულის რევმატიული მანკი. მსგავს შემთხვევებში დიაგნოზის დადასტურება ზოგჯერ ხერხდება ანტიბიოტიკებით საცდელი მკურნალობის დროს. სეფსისური ენდოკარდიტის არც თუ იშვიათი გართულებებია თრომბოემბოლიები თირკმლებში, ელენთაში, თავის ტვინში. დაავადების პროფილაქტიკა მოიცავს კეროვანი ინფექციების გართულებების, გულის რევმატული და თანდაყოლილი მანკებით დაავადებულებში კარიესული კბილების დროულ მკურნალობას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..