სიმპტომატური წყლულები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სიმპტომატური წყლულები – კუჭის სიმპტომატური წყლულები წარმოადგენს კუჭის ლორწოვანი გარსის მწვავე ან ქრონიკულ კეროვან დესტრუქციას; ეტიოლოგიისა და პათოგენეზის მიხედვით განსხვავდება წყლულოვანი დაავადებისაგან და წარმოადგენს ორგანიზმის პათოლოგიური მდგომარეობის მხოლოდ კუჭის ადგილობრივ გამოვლინებას, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. კუჭის სიმპტომატური წყლულებია: 1. ,,წამლისმიერი“ წყლულები (აცეტილსალიცილის მჟავასა და მისი წარმოებულების ხანგრძლივი და არაკონტროლირებადი მიღებით, ასევე პირაზოლონის, ინდოლის, ჰისტამინის, გლუკოკორტიკოსტეროიდული ჰორმონების მიღებით და სხვ.); 2. ,,ჰოპოქსიური წყლულები“, რომელიც თან ახლავს ათეროსკლეროზს, ჰიპერტონულ დაავადებას, გულის შეგუბებით უკმარისობას, ქრონიკულ პნევმონიებს, ფილტვების ემფიზემას; 3. ,,ჰორმონული წყლულები“ ვითარდება ჰიპერპარათირეოიდოზმის, კუჭქვეშა ჯირკვლის ულცეროგენული სიმსივნეების და სხვ. დროს; 4. მწვავე სტრესული წყლულები მიოკარდის ინფარქტის დროს, დამწვრობის, ინსულტისა და სხვ.; 5. წყლულები ჰეპატიტებისა და ღვიძლის ციროზების დროს. კუჭის სიმპტომატური წყლულების განვითარებას ხშირად ხელს უწყობს წინასწარგანმწყობი ფაქტორების შერწყმა. მაგალითად, ჯანმრთელი პირების მიერ ხანგრძლივად სალიცილის მჟავას წარმოებულის და გლუკოკორტოკოიდების გამოყენება ხშირად იწვევს კუჭის ლორწოვანი გარსის დაწყლულებას, მაშინ როდესაც იგივე პრეპარატების გამოყენება ავადმყოფებში აქტიური რევმატიზმით და გულის რევმატიული მანკებით, სისხლმიმოქცევის უკმარისობით, მკვეთრად ზრდის კუჭის სიმპტომატური წყლულების განვითარების სიხშირეს. სიმპტომები და მიმდინარეობა პოლიმორფულია. შესაძლებელია მიმდინარეობდეს გარკვეული დროის განმავლობაში უსიმპტომოდ, შესაძლებელია აღინიშნებოდეს გაურკვეველი ხასიათის ტკივილები მუცელში და დისპეფსური მოვლენები; ზოგჯერ დაავადება მიმდინარეობს წყლულოვანი დაავადების ტიპიური სიმპტომატიკით. რენტგენოლოგიური გამოკვლევებისას, გასტროსკოპიისას ვლინდება წყლულოვანი ნიშა კუჭში, ისევე როგორც წყლულოვანი დაავადების დროს. დიაგნოსტიკაში არსებითი მნიშვნელობა აქვს ანამნეზს და გამოკვლევებს. კუჭის ტუბერკულოზური წყლულები ხშირად ვითარდება ფილტვის ტუბერკულოზის ტერმინალურ სტადიაში; დიაგნოზის დაზუსტებისათვის აუცილებელია გასტროსკოპია ბიოფსიით. კუჭის სიმპტომატური წყლულები შესაძლებელია იყოს მწვავე და ქრონიკულად მიმდინარე. გართულებები: წყლულის პერფორაცია და წყლულოვანი სისხლდენები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook