ტვინის სიმსივნეები (თავისა და ზურგის ტვინის

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტვინის სიმსივნეები (თავისა და ზურგის ტვინის – )  –  ვითარდება მოზრდილებსა და ბავშვებში, განსაკუთრებით ხშირად 50 – 55 და 5 – 10 წლის ასაკში. 15 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფებში თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნეების 70% – ს შეადგენს გლიობლასტომა და ავთვისებიანი ასტროციტომა, იშვიათად დიაგნოსტირდება ეპენდიმომა, გლიომა, ოლიგოდენდროგლიომა, მედულობლასტომა. ბავშვებში თავის ტვინის სიმსივნეები მეორე ადგილს იკავებენ ავთვისებიან სიმსივნეებს შორის (ლეიკოზების შემდეგ). 60% შეადგენენ მედულობლასტომა, ასტროციტომა  და ეპენდიმომა, იშვიათად გვხვდება სხვა სიმსივნეები. თავის ტვინის სიმსივნეების კლინიკური სურათი წარმოდგენილია ქალაშიდა წნევის მომატების სიმპტომებით (თავის ტკივილი, ღებინება, მხედველობის ნერვის დისკოს შეშუპება) და არასპეფიკური ნევროლოგიური დარღვევებით,  რომლებიც განსხვავდებიან სიმსივნის ლოკალიზაცის შესაბამისად. მაგალითად, მედულობლასტომის დროს ადგილი აქვს მოძრაობის კოორდინაციის დარღვევას, სხვადასხვა ნათხემოვან დარღვევებს. ტვინის სიმსივნეები მეტასტაზირდება ადგილობრივად, დაცილებული მეტასტაზები იშვიათია. ტვინის სიმსივნის დიაგნოზის დადგენა ხდება ნევროლოგიური და კლინიკური სიმპტომების გათვალისწინებით, კვლევის დამატებითი მეთოდების გამოყენებით და ოპერაციის დროს დაზუსტებით. ცერებროსპინალურ სითხეში აღინიშნება წნევის მომატება, ცილის და უჯრედული ელემენტების შემცველობის მომატება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კომპიუტერულ ტომოგრაფიას, ექოენცეფალოგრაფიას, ასევე ტვინის სკანირებას, ცერებრულ ანგიოგრაფიას და სხვ. დიფერენციალურ დიაგნოზს ატარებენ სხვა ლოკალიზაციის სიმსივნეების დროს თავის ტვინში განვითარებულ მეტასტაზებთან (სარძევე ჯირკვლის, ფილტვების, თირკმელების, მელანომის და სხვ. დროს). ზურგის ტვინში განასხვავებენ ექსტრადურალურ სიმსივნეებს (ხშირად მეტასტაზური ან სარკომის) და ინტრადურალურ სიმსივნეებს. ეს უკანასკნელი შეიძლება იყოს ექსტრამედულარული (ნეიროფიბრომა, მენინგიომა და სხვ.) და ინტრამედულარული (ეპენდიმომა, ასტროციტომა, სისხლძარღვოვანი სარკომა).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..