ქრონიკული ტონზილიტი

ქრონიკული ტონზილიტი

ქრონიკული ტონზილიტი – სასის ნუშურების ანთება; ავადდებიან როგორც მოზრდილები, ასევე ბავშვები. მიზეზებია განმეორებითი ანგინები, იშვიათად სხვა მწვავე ინფექციური დაავადებები (ქუნთრუშა, წითელა, დიფტერია).

ქრონიკული ტონზილიტის განვითარებას ხელს უწყობს ცხვირით სუნთქვის დარღვევა, ცხვირის დანამატი წიაღების დაავადებები, კარიესული კბილები, ალვეოლარული პიორეა, ქრონიკული კატარალური ფარინგიტი, ქრონიკული რინიტი.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ხახაში  ნუშურების არეში ჩაფხაჭნის, უცხო სხეულის შეგრძნება, არასასიამოვნო სუნი პირიდან, ე. წ. საცობების  –  კაზეოზური მასების ამოხველება, რომლებიც წარმოიქმნებაინ ნუშურების ლაკუნებში, პერიდული ტკივილი ყლაპვის დროს, რომელიც გადაეცემა ყურში. არაიშვიათად დაავადება მიმდინარეობს ხანგრძლივი  სუბფებრილიტეტით, შრომისუნარიანობის დაქვეითებით, თავის ტკივილით, ზოგჯერ რეფლექტორული წარმოშობის ხველის შეტევებით. ზოგიერთ ავადმყოფს არანაირი ჩივილი არა აქვს.

არაიშვიათია გართულებები: გულის, სახსრების დაზიანება, ზოგადი სისუსტე, ოფლიანობა. შესაძლებელია რევმატიზმის, ნეფრიტის განვითარება. ფარინგოსკოპიით  –  ქრონიკული ანთებითი პროცესის ნიშნები: სასის ნუშურები გაფაშრებული, დანაწიბურებულია, შეხორცებულია სასის რკალებთან, ნუშურების ზედაპირი არათანაბარია, ლაკუნები გაფართოებულია. ნუშურებზე შპატელით დაწოლისას ლაკუნებიდან გამოიყოფა ,,საცობები” ან გადმოედინება ჩირქი არასასიამოვნო სუნით. სასის წინა რკალების ლორწოვანი გარსი ჰიპერემიულია, განსაკუთრებით მათი თავისუფალი ნაპირი. რეგიონალური ლიმფური კვანძები ხშირად გადიდებული და პალპაციით მტკივნეულია.

ნუშურების დიდი ზომები ყოველთვის არ წარმოადგენს ქრონიკული ტონზილიტის ნიშანს (ბავშვებში ეს ფიზიოლოგიურია); პირიქით, ქრონიკული ანთებითი ცვლილებები ხშირად ვითარდება პატარა ნუშურებში.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.