ტონუსი

ტონუსი – (ლათ. tonus<ბერძნ. tonos  –  დაძაბვა, დაჭიმვა) (ფიზიოლ.), ნერვული ცენტრებისა და კუნთების ხანგრძლივი აგზნება, რომელსაც არ ახლავს დაღლა. ნერვული ცენტრების ასეთი აგზნებისას სათანადო ეფერენტული ნერვებით მისული იმპულსები ჩონჩხის კუნთს ანიჭებენ ტონუსს, რომელიც სხეულს უნარჩუნებს გარკვეულ პოზასა და მდებარეობას სივრცეში. >>>

გლუვი კუნთების ტონუსით არის განპირობებული საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, ნაღვლისა და შარდის ბუშტში, სისხლძარღვებში და სხვ. გარკვეული წნევის შექმნა, რასაც მათი ფუნქციონირებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ცთომილი და სიმპათიკური ნერვების ცენტრების ტონუსი, რამდენადაც ისინი არეგულირებენ გულისა და სისხლძარღვთა მოქმედებას. განარჩევენ კონრაქტილურ და პლასტიკურ ტონუსს, კონტრაქტილური ტონუსი კუნთის, განსაკუთრებით ჩონჩხის კუნთის ისეთნაირი დაძაბვაა, რომელსაც თან ახლავს მოქმედების პოტენციალი და ნივთიერებათა ცვლის გაძლიერება. ეს პროცესი კუნთში წარმოიშობა მისი ცალკეული ბოჭკოების ჯგუფის (ფუნქციური ერთეულის) მორიგეობითი შეკუმშვით და მიმდინარეობს ტეტანუსურად. პლასტიკური ტონუსის დროს კუნთის დაძაბვა მცირეა, მაგრამ შეიძლება დიდხანს გრძელდებოდეს დაუღლელად, ნივთიერებათა ცვლის მნიშვნელოვანი გაძლიერების გარეშე. კუნთი ამ დროს პლასტიკურია. ორგანიზმში კუნთური ტონუსი რეგულირდება ცენტრ. ნერვული სისტემის სხვადასხვა განყ – ბის მონაწილეობით. კუნთების ტონუსის ნორმიდან გადახრა – გაძლიერება (ჰიპერტონია) ან დაქვეითება (ჰიპოტონია) განპირობებულია ნერვული ცენტრების ტონუსის გაძლიერებით ან დაქვეითებით.
წყარო: ა. ბაკურაძე. [ქსე]


 

Share this...Share on Facebook
Facebook