ტრანსმისიული დაავადებანი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ტრანსმისიული დაავადებანი – 1. ადამიანის და ცხოველების ინფექციური და პარაზიტული დაავადებანი, რომელთა გამომწვევები გადააქვთ ფეხსახსრიანებს. გამომწვევის გადატანის პროცესი შეიძლება იყოს სპეციფიკური (თუ გამომწვევი მრავლდება და განვითარების ციკლს გაივლის გადამტანის ორგანიზმში) და მექანიკური. გამომწვევის გადატანა ხდება კოღოს, რწყილის, მოსკიტის და ტკიპის კბენის შედეგად, კანსა და ლორწოვან გარსზე გადამტანის ინფიცირებული გამონაყოფის მოხვედრისას ან სხვა გზით. არსებობს ადამიანის ობლიგატური ტრანსმისიული დაავადებანი, რომელთა გამომწვევები მხოლოდ გადამტანებს გადააქვთ (მალარია, ყვითელი ცხელება, ტკიპისმიერი შებრუნებითი ტიფი და სხვ.) და ფაკულტატური ტრანსმისიული დაავადებანი (ტულარემია, შავი ჭირი, ჯილეხი და სხვ.), როდესაც გამომწვევი გადადის ჰაერ – წვეთოვანი გზით, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის საშუალებით, უშუალოდ ადამიანიდან ადამიანზე (ტულარემია, შავი ჭირი, ჯილეხი და სხვ.). ტრანსმისიულ დაავადებათა უმრავლესობა მკაფიოდ გამოხატული ბუნებრივი კერობრიობით ხასიათდება. ცხოველთა ტრანსმისიული დაავადებებისთვის დამახასიათებელია ენზოოტიურობა და გამოვლენის სეზონურობა. დაავადების აღმძვრელები გადააქვთ მწერებსა და ტკიპებს. ცხოველთა ობლიგატურ ტრანსმისიულ დაავადებებს განეკუთვნება: ცხვრის ინფექციური კატარალური ცხელება, ჰიდროპერიკარდიტი, ცხენის ინფექციური ანემია, აფრ. ჭირი და სხვ., ხოლო ფაკულტატურს  –  ჯილეხი, ღორის აფრიკული ჭირი, ტულარემია და სხვ. პროფილაქტიკა: ცხოველის დაცვა სისხლმწუწნავი ფეხსასხსრიანებისაგან, გადამტანებისა და მღრღნელების მოსპობა, მელიორაციული ღონისძიებანი, ცხოველთა იმუნიზაცია და სხვ. [“1”] 2. ტრანსმისიური დაავადებები – (ლათ. transmissio – გადატანა, გადაცემა) ინფექციური დაავადებები, რომელთა გამომწვევი გადაეცემა სისხლის მწოველი გადამტანებით (მწერები და ტკიპები). მოიცავს დაახლოებით 200 ნოზოლოგიურ ფორმას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..