უჯრედი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

უჯრედი – (ლათ. cellula; ბერძნ. cytos) ცოცხალი ნივთიერების ელემენტარული სტრუქტურული და ფუნქციური ერთეული, რომე­ლიც შედგება ბირთვისა და ციტოპლაზმისაგან და ცხოველური და მცენარეული ორგანიზმების განვითარებისა და აგებულების საფუძ­ველია. უჯრედი ურთულესი, მთლიანი, თვითმარეგულირებელი და თვითწარმოქმნადი მიკროსკოპული ცოცხალი სისტემაა. ფიზიკურ – ქიმიური თვისებების მხრივ უჯრედი ჰეტეროგენური სისტემაა, რომელიც შედგება მემბრანული და გრანულური სტრუქტურული კომპონენტებისგან. უჯრედის ციტოპლაზმა შეიცავს მის სპეციალი­ზებულ ნაწილებს – ზოგადი მნიშვნელობის ორგანელებს (ენდოპ­ლაზმურ ბადეს, მიტოქონდრიებს, გოლჯის კომპლექსსა და უჯრედის ცენტრს), სპეციალურ ორგანელებსა და ჩანართებს. უჯრედის ბირთვი უჯრედის ინფორმაციულ – გენეტიკური აპარატია. იგი შედგება ბირთვის მემბრანის, ქრომატინის (ქრომოსომების), ბირთვაკებისა და კარიო­ლიმფისაგან, ანუ ბირთვის წვენისაგან. მრავალუჯრედიან ორგანიზ­მებში არჩევენ სომატურ და სასქესო უჯრედებს . უჯრედების ფორმა და ზომა სულ სხვადასხვანაირია. ქსოვილების შემადგენლობაში უჯრედები სპეციალიზდება სპეციფიკური ფუნქციების შესასრუ­ლებლად. ამ დროს შესაძლებელია მათი გაერთიანება სინციტიუმად და სიმპლასტებად , რომლებიც უჯრედული აგებულების განსაკუთრებული ფორმებია. უჯრედებმა თავისი განვითარების პროცესში შეიძლება წარმოქმნას უჯრედშორისი შუალედური ნივთიერება. ამჟამად დედამიწაზე მცხოვრები ორგანიზმების შემად­გენლობაში ახალი უჯრედები წარმოიქმნება უპირატესად მხოლოდ მემკვიდრეობით უჯრედთა გაყოფის გზით. ამ მხრივ ხორციელდება ერთი უჯრედიდან მეორეზე მემკვიდრეობითი ინფორმაციის გადაცემა. ტერმინი შემოიღო ჰუკმა (1665). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook