ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია – ფილტვის ღეროს ან ფილტვის არტერიული სისტემის ტოტების  მწვავე ოკლუზია თრომბით, რომელიც წარმოიქმნა სისხლის მიმოქცევის დიდი წრის ვენებში, ან გულის მარჯვენა ღრუებში. ფილტვის არტერიების თრომბოემბოლია წარმოადგენს სხვადასხვა დაავადებების გართულებას; დაზიანების დონის მიხედვით განასხვავებენ ფილტვის ღეროს და ფილტვის მთავარი არტერიების თრომბოემბოლიას, წილოვანი და სეგმენტური ტოტების თრომბოემბოლიას, მცირე ტოტების თრომბოემბოლიას. კლინიკურად დამახასიათებელია მწვავე დასაწყისი, ამასთან პირველი სიმპტომები წარმოიქმნება გაჭინთვისას, დახველების, სხეულის მდებარეობის სწრაფი ცვლილების დროს; თუკი არ განვითარდა ელვისებური სიკვდილი, თრომბის ჩანერგვის დონისა და ავადმყოფის მდგომარეობის მიხედვით, მისი გამოვლინებები ვარირებს ერთეული არასპეციფიური სიმპტომებიდან ავადმყოფის უმძიმესი მდგომარეობის განვითარებამდე, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ფილტვისმიერი გულის, კოლაფსის, სუნთქვის მწვავე უკმარისობის, ცნობიერების მოშლისა და სხვ. დარღვევების განვითარება. ადრეული სიმპტომია ტკივილი გულმკედში, რომელიც ზოგჯერ იძლევა სტენოკარდიის იმიტაციას, მაგრამ იგი არ ირადირებს, ძლიერდება ჩასუნთქვის დროს. ვითარდება ქოშინი ტაქიპნოეს სახით. შესაძლოა სხეულის ტემპერატურის მომატება, მატულობს სუნთქვის უკმარისობა. მწვავე ფილტვისმიერი გულის სიმდრომის განვითარება ხასიათდება აკროციანოზის, კისრის ვენების გაბერვით, უეცრად განვითარებული და პროგრესირებადი ტაქიკარდიით, გალოპის რიტმის გაჩენით, მოისმინება სისტოლური შუილი და მეორე ტონის აქცენტი ფილტვის ღეროზე. დეკომპენსაციის გამო შესაძლოა განვითარდეს ე. წ. აბდომინური სინდრომი: გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის მარჯვენა ზედა კვადრატში. ფილტვის არტერიების მასიური თრომბოემბოლიისათვის დამახასიათებელია მწვავე დაწყება და ფილტვის ჰიპერეტენზიის სიმპტომების სწრაფი ზრდა; ფილტვის ღეროს ან მისი ტოტების ემბოლია, როდესაც  სისხლით მომარაგება შემცირებულია 75% – ით და მეტად, იწვევს პრაქტიკულად მომენტალურ სიკვდილს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..