ფილტვის (სუნთქვის) უკმარისობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფილტვის (სუნთქვის) უკმარისობა – ფილტვის ფუნქციის დაქვეითება მისი ვენტილაციის შემცირებით და სისხლის აირების ცვლის შემცირებით, პირველ რიგში მასში ჟანგბადის უკმარისობით. სუნთქვის უკმარისობა შეიძლება განვითარდეს როგორც ქრონიკული ფილტვისმიერი დაავადებების, ასევე სუნთქვის რეგულაციის დარღვევის (ნერვული სიტემის დაზიანება), გულმკერდის ძვალ – კუნთოვანი აპარატის დაავადებების შედეგად. სუნთქვის უკმარისობა ვითარდება ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქიალური ასთმის (სუნთქვის უკარისობის ობსტრუქციული ტიპი) ფონზე ბრონქიალური ხის გამავლობის დარღვევის შედეგად, აგრეთვე პნევმოფიბროზის, დიდი პლევრალური შეხორცებების, დიაფრაგმის დამბლის (უკმარისობის რესტრიქციული ტიპი) დროს ფილტვების მოძრაობის შეზღუდვის გამო. გაცილებით იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება ადგილი ჰქონდეს აიროვანი ცვლის დარღვევას ალვეოლარულ – კაპილარული კედლის გავლით (სკლეროდერმიის, ბერილიოზის და ა.შ. დროს). სიმპტომები. დაავადების თანდათანობით პროგრესირებისას, ავადმყოფები აღნიშნავენ ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს. შემდგომში ქოშინი ვითარდება უკვე მოსვენებით მდგომარეობაში. მოგვიანებით შესაძლებელია აღინიშნებოდეს ციანოზი, ძილიანობა, შრომიუნარიანობის დაქვეითება, რაც დაკავშირებულია ჰიპოქსემიის განვითარებასთან. სუნთქვის უკმარისობის გამოხატულების და ტიპის დადგენის მიზნით მიმართავენ სპეციალურ გამოკვლევებს: ფილტვების სასიციცხლო ტევადობის (ფსტ), ფილტვების ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობის (ფფსტ)  განსაზღვრა ამოსუნთქვის პირველ წამზე, პნევმოტაქომეტრია, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ჰაერის ნაკადის სიმძლავრე. ეს გამოკვლევები საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ სუნთქვის უკმარისობის ტიპი. ბრონქული გამავლობის უპირატესი დარღვევის დროს ფფსტ პირველ წამზე ქვეითდება უფრო მეტად (60% – ზე ნაკლები), ისევე როგორც პნევმორაქომეტრიის მაჩვენებლები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..