ფლეგმონური ანგინა

ფლეგმონური ანგინა – (ნუშურა ჯირკვლებსახლო ანგინა) (ყელ – ყურ – ცხვ. დაავ.) – ანგინის გართულება. ნუშურა ჯირკვლებსახლო ქსოვილების ანთება, შემდგომში განვითარებული დაჩირქებით.

გამომწვევია ინფექციები, რომლებიც გადადიან ნუშურა ჯირკვლების ლაკუნებიდან. უმეტეს შემთხვევებში დაავადება ცალმხრივია.

სიმპტომები

ჩვეულებრივ, ავადმყოფს, რომელმაც გადაიტანა ანგინა, აღენიშნება ტემპერატურის მომატება (38 – 40 გრადუსამდე), ყლაპვა ხდება მკვეთრად მტკივნეული, რის შედეგადაც ავადმყოფი უარს აცხადებს საკვების მიღებაზე. პირის გაღება შეზღუდულია, აღინიშნება დუდღუნაობა.

რბილი სასის ჰიპერემია და შეშუპება დაზიანებულ მხარეზე, ნუშურა ჯირკვალი გამოწეულია, ენა გადანაცვლებულია ჯანმრთელ მხარეს. ყბისქვეშა ლიმფური კვანძები გადიდებულნი და მტკივნეულნი არიან. თავი იძულებით გადახრილია დაზიანებულ მხარეზე.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.