პორენცეფალია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პორენცეფალია – 1. (porencephalia; ბერძ. poros ხვრელი, გასავალი +enkephalos თავის ტვინი) სხვადასხვა ფორმისა და ზომის პათოლოგიური ცისტური ღრუები, რომლებიც მდებარეობენ თავის ტვინის ქსოვილში. ნეიროქირურგიულ პრაქტიკაში ამ ტერმინით ზოგჯერ აღნიშნავენ ხელოვნურად შექმნილ კავშირს თავის ტვინის გვერდით პარკუჭსა და სუბარაქნოიდალურ სივრცეს შორის. განასხვავებენ ნამდვილ და ცრუ პორენცეფალიას. ნამდვილი პორენცეფალიის დროს ცისტები უკავშირდებიან ტვინის პარკუჭებს. ცისტების ზომები ვარიაბელურია. ცრუ პორენცეფალიას უწოდებენ ღრუებს, რომლებიც მდებარებენ ტვინის ქსოვილში, მაგრამ არ აღწევენ თავის ტვინის ზედაპირამდე და არ უკავშირდებიან ტვინის პარკუჭებს. პორენცეფალია ახალშობილებში და ადრეული ასაკის ბავშვებში ვლინდება ფსიქიკური განვითარების შეჩერებით, კიდურების პარეზებით ან სპასტიური დამბლებით, ზოგჯერ ეპილეფსიური შეტევებით. ცისტების ფორმასა და ლოკალიზაციას ადგენენ კომპიუტერული ტომოგრაფიით. 2. პორენცეფალია – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ერთი ან რამდენიმე მსხვილი ღრუს (ცისტის) არსებობით დიდი ტვინის ჰემისფეროებში, რომლებიც შესაძლებელია უკავშირდებოდნენ გვერდითი პარკუჭებით. შესაძლოა იყოს განვითარების მანკის ან თავის ტვინის ქსოვილის დესტრუქციის შედეგი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა