რიტერის ექსფოლიაციური დერმატიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რიტერის ექსფოლიაციური დერმატიტი – (G. Ritter, გერმ. ექიმი; ბერძ. derma კანი +  – itis; ლათ. Exfoliare აშრევება; სინ.: რიტერის დაავადება, ახალშობილთა ექსფოლიაციური დერმატიტი) ახალშობილთა სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ინფექციების ერთ  –  ერთი ფორმა, რომელიც, როგორც წესი, გამოირჩევა მძიმე მიმდინარეობით და ხასიათდება გამოხატული ინტოქსიკაციით და კანის ადგილობრივი ცვლილებებით შეშუპების, ჰიპერემიისა და ეპიდერმისის აშრევების სახით. დაავადება ვლინდება ახალშობილის სიცოცხლის პირველი კვირის ბოლოს და მეორე კვირის დასაწყისში, მძიმე ფორმების დროს მე – 4 – 5 დღეს, ზოგჯერ კი სიცოცხლის მე – 2 – 3 დღეს; იწყება კანის გაწითლებითა და მაცერაციით ჭიპის არეში, ნახეთქებითა და ეპიდერმისის აქერცვლით პირის ირგვლივ; კანი სახეზე, ტანზე და კიდურებზე ხდება შესიებული და ჰიპერემიული, ხდება მისი სეროზული გაჟღენთვა. კანზე ჩნდება ბუშტუკები, რომელთაც აბორტული ხასიათი აქვთ. ეპიდერმისი იჭმუხნება, ხდება მისი აქერცვლა არამარტო ეროზირებულ უბნებზე, არამედ კანის შეუცვლელ ნაწილებზე მსუბუქი წასმითაც კი; დაავაადების მე – 10 – 11 დღეს ბავშვის კანი წითლდება მთელ ტანზე, მათ შორის ხელისა და ფეხისგულებზეც, ეპიდერმისი შრევდება პლასტებად. ზიანდება პირის ღრუს, ცხვირის  ლორწოვანი, ჭიპის ირგვლივ მაცერაცია რჩება. სხეულის ტემპერატურა ზოგჯერ 400 – მდე მატულობს; ხშირია დისპეფსური დარღვევებიც. არსებობს ექსფოლიატური დერმატიტის შედარებით კეთილთვისებიანი სახეც, რომელიც მიმდინარეობს პლასტური აქერცვლის სახით; ამასთან, მხოლოდ დასაწყისში აღინიშნება ერთეული პუსტულები და ბუშტუკები. ბავშვის ზოგადი მდგომარეობა თითქმის არ ირღვევა.

გაფრთხილება!

ბმულები: გვერდი ,,თურმანიძის მალამო ბავშვებისათვის”