სამშობიარო მოქმედების სისუსტე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სამშობიარო მოქმედების სისუსტე – ხასიათდება მიომეტრიუმის შეკუმშვის ძალისა  და ხანგრძლივობის უკმარისობით, ჭინთვებს შორის პაუზების გადიდებით. განასხვავებენ პირველად და მეორად სისუსტეს. პირველადი სისუსტე ვითარდება სამშობიარო აქტის დასაწყისში და შესაძლებელია გაგრძელდეს მშობიარობის როგორც მე – 2, ასევე მე – 3 პერიოდში. მეორადი სისუსტე ვითარდება ნორმალური ჭინთვების ფონზე, მშობიარობის პირველ ან მეორე პერიოდში. სამშობირო მოქმედების პირველადი სისუსტის მიზეზებია: ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის გადაძაბვა, ენდოკრინოპათიები, მენსტრუალური ციკლის მოშლილობები, ინფანტილიზმი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევები, საშვილოსნოს განვითარების მანკები, სასქესო ორგანოებში ანთებითი პროცესები, საშვილოსნოს გადაძაბვა (წყალუხვობა, მრავალნაყოფიანობა, დიდი ნაყოფი), პირველადად მშობიარის უფროსი ასაკი და სხვ. პირველადი სისუსტის განვითარებას ხელს უწყობს მშობიარობამდელი წყლების დაღვრა. მეორადი სისუსტის მიზეზები, გარდა ზემოთ აღწერილისა, არის  მშობიარის გადაღლა მშობიარობის დროს, კლინიკურად ვიწრო მენჯი, ნაყოფის  განივად მდებარეობა, საშვილოსნოს ყელის რიგიდულობა, პრეპარატების უსისტემო დანიშვნა, რომლებიც ასტიმულირებენ მშობიარობას. სიმპტომები, მიმდინარეობა. სამშობიარო მოქმედების სისუსტე გამოიხატება ჭინთვების შემოკლებაში და მათ შორის პაუზების გადიდებაში. ეს იწვევს მშობიარობის გახანგძლივებას, ნაყოფის ჰიპოქსიას, აღმავალი ინფექციის განვითარებას, (ქორიოამნიონიტი), სისხლდენას მშობიარობის შემდგომ და ადრეულ მშობიარობის შემდგომ პერიოდებში და მშობიარობის შემდგომი დაავადებების სიხშირის გაზრდას. დიაგნოზის დადგენა ხდება სამშობიარო მოქმედების ხასიათის დინამიკური დაკვირვების საფუძველზე  –  სუსტი, ხანმოკლე ჭინთვები, მათ შორის ხანგრძლივი პაუზები, საშვილოსნოს ყელის დაგვიანებული გახსნა; კვლევის დამატებითი მეთოდებია კარდიოტოკოგრაფია, გარეთა ჰისტეროგრაფია.

გაფრთხილება!