საჯდომი ნერვი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

საჯდომი ნერვი – 1. (Nervus ischiadicus) ადამიანის ყველაზე მსხვილი, შერეული ხასიათის ნერვი. შედგება 60 – ზე მეტი ნერვული კონისაგან, რომელთაც ქმნის წელის მე – 4, მე – 5 და გავის 1 – ელი, მე – 2 და მე – 3 ნერვებიდან მომავალი ბოჭკოები. საჯდომი ნერვი გავის წნულის გრძელი ტოტია. იგი მენჯის ღრუს ტოვებს დიდი საჯდომი ხვრელის საშუალებით, ვერტიკალურად ჩამოდის ქვემოთ, თავდება ბარძაყის უკანა ზედაპირის შუა ხაზზე; მუხლქვეშა ფოსოს ზემო კუთხეში იგი იყოფა დიდი წვივისა და მცირე წვივის საერთო ნერვებად. ზოგჯერ ეს ორი ნერვი ძალიან მაღლა გამოეყოფა საჯდომ ნერვს ან უშუალოდ გავის წნულიდან იწყება. მაშინ დიდი წვივის ნერვი მენჯის ღრუდან გამოდის მსხლისებრი კუნთის ქვედა ხვრელით, მცირე წვივის საერთო ნერვი კი  –  მსხლისებრი კუნთის ზედა ხვრელით. საჯდომი ნერვი ბარძაყზე ანერვიანებს ბარძაყის უკანა ჯგუფის კუნთებს, მუხლის სახსარს, დიდიწვივის ნერვი  –  კანჭის უკანა ზედაპირისა და ფეხის გულის კანს. მცირე წვივის საერთო ნერვი იყოფა ზედაპირულ და ღრმა ნერვებად, რომლებიც ანერვიანებენ კანჭის წინა და გარეთა ჯგუფის კუნთებს, ტერფის ზურგის კუნთებს და კანის სათანადო მონაკვეთებს. საჯდომი ნერვის დაავადებაა იშიასი. ბ. აბაშიძე [“1”]   2.  საჯდომი ნერვი – მსხვილი ნერვული ღერო ხერხემლიან ცხოველებში და ადამიანში; ახდენს ბარძაყის, წვივის, ტერფისა და ფეხისგულის ინერვაციას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა