სენილური ფსიქოზები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სენილური ფსიქოზები – წარმოიქმნება მოხუცებულობით ასაკში; მათ მიეკუთვნება მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა, გვიანი დეპრესიები და პარანოიდები. მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა ხასიათდება ფსიქიკური მოქმედების განუხრელი გაღარიბებითა და მოშლით. ფსიქიკური მოქმედების შესუსტება ხდება ფიზიოლოგიური დაბერების დროსაც, მაგრამ მოხუცებულობითი ჭკუასუსტობა  –  ეს არის ამ პროცესის არა რაოდენობრივი გაძლიერება, არამედ პათოლოგიური მოვლენა. ასეთი ავადმყოფები შეადგენენ გვიანი ასაკის ფსიქიკური დაავადების მქონე ავადმყოფთა საერთო რიცხვის 12  –  25% – ს. ეტიოლოგია, პათოგენეზი ცნობილი არ არის; ქალები შდარებით ხშირად ავადდებიან, ვიდრე მამაკაცები. დაავადების რისკი ოჯახებში, სადაც არიან მოხუცებულობთი ჭკუასუსტობით დაავადებულები, უფრო მაღალია, ვიდრე დანარჩენ მოსახლეობაში. თანმხლები სომატური დაავადებები იცვლიან სახეს და ამძიმებენ ფსიქოზის სურათს. დაავადების დაწყების საშუალო ასაკი 70 – 78 წელია. მისი ხანგრძლივობაა 5 – 8 წელი. საწყისი გამოვლინებებია პიროვნების ნელა მზარდი ცვლილებებს  –  გაუხეშება, ეგოცენტრიზმი, სიძუნწე; იკარგება ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებები. ამასთან ერთად მატულობს ჭკუასუსტობა  –  ქვეითდება განსჯის დონე, ახალი ცოდნისა და ჩვევების მიღების უნარი, ქრება მეხსიერების მარაგი  –  თავდაპირველად უახლოესი გამოცდილება, შემდეგ კი ცხოვრების შედარებით ადრეული პერიოდების გამოცდილება, ვლინდება კონფაბულაციები (ცრუ მოგონებები), ღარიბდება მეტყველება. შენარჩუნებულია მხოლოდ ელმენტარული ფიზიკური მოთხოვნილებები. პროგრესირებადი ჭკუასუსტობის ფონზე შესაძლებელია რედუცირებული ფსიქოზური მდგომარეობები –   აფორიაქებით, შფოთვით მიმდინარე დეპრესიები ან  ღვარძლიან  – ბუზღუნით მიმდინარე დეპრესიები, მატერიალური ზარალის ბოდვები (ქურდობა, ჯადო). გვიანი დეპრესიები და გვიანი პარანოიდები განპირობებული არ არის უხეში დესტრუციული პროცესებით. დეპრესია შედარებით მსუბუქია, არახანგრძლივი, ხასიათდება უკმაყოფილებით, დაღვრემილობით, იპოქონდრიული განცდებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა