სისხლჩაქცევა

სისხლჩაქცევა – ჰემორაგია, სისხლძარღვიდან გადმოღვრილი სისხლის დაგროვება სხეულის ღრუებში ან მიმდებარე ქსოვილებში. სისხლჩაქცევა შეიძლება მოხდეს სისხლძარღვის კედლის მთლიანობის დარღვევის, მექან. დაზიანების, პათოლ. პროცესის (მაგ., სიმსივნე) შედეგად ან დაუზიანებელი სისხლძარღვის კედლის შეღწევადობის მომატების გამო (მაგ., რაიმე ქიმ. ნივთიერების ზემოქმედებისას). ჩაქცეული სისხლით შეიძლება გაიჟღენთოს ქსოვილები, რომლებშიც ჩაიქცა სისხლი, ან წარმოიქმნას შემოსაზღვრული სისხლის მასა  –  ჰემატომა. სისხლჩაქცევის მნიშვნელობა განისაზღვრება მისი მოცულობით, განვითარების სისწრაფით და ადგილმდებარეობით. პატარა სისხლჩაქცევა ჩვეულებრივ განიწოვება მკურნალობის გარეშე. სისხლჩაქცევა შეიძლება შემოიფარგლოს კაფსულით, დაჩირქდეს (რაც სპეც. მკურნალობას საჭიროებს); ყველაზე სახიფათოა სისხლჩაქცევა ტვინში.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი