სტაფილომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

სტაფილომა – (ბერძ. staphyle – ყურძნის მტევანი) გათხელებული რქოვანას ან სკლერის გამობერვა. რქოვანას სტაფილომა წარმოიქმნება უხეში დესტრუქციული  ცვლილებების ფონზე, რომელიც ვითარდება წყლულოვანი კერატიტის  ან კერატომალაციის შედეგად. გამობერვა შესაძლოა იმდენად გამოვიდეს თვალის ნაპრალიდან, რომ ქუთუთოს დახუჭვა შეუძლებელი გახდეს, რის გამოც მისი ზედაპირი შრება, თანდათანობით ღებულობს კანის სახეს, ხშირად წყლულდება, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ენდოფტალმიტი. ასევე შესაძლებელია მოხდეს სტაფილომას გახვრეტა, რასაც თან ახლავს თვალშიდა სითხის გადმოღვრა. ხვრელის შეხორცების შემდეგ სტაფილომას ღრუ აღდგება. მეორადი გლაუკომის განვითარებისას, დროული ოპერაციული მკურნალობის გარეშე ვითარდება სრული სიბრმავე. რქოვანას  სტაფილომას მკურნალობა ოპერაციულია – ხდება რქოვანას გადანერგვა. სკლერის სტაფილომა წარმოიქმნება სკლერიტის შემდეგ. ანთებითი კერის ადგილზე. ფორმირდება ნაწიბუროვანი ქსოვილი, რომელიც თვალშიგა წნევის გამო შესაძლებელია გამოიბურცოს. სკლერის სტაფილომა მკურნალობას არ საჭიროებს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა