ფილტვის ატელექტაზი

ფილტვის ატელექტაზი

ფილტვის ატელექტაზი, ფილტვის ატელექტაზის სახეები, ფილტვის ატელექტაზი – კლინიკური სურათი, ფილტვის ატელექტაზი – დიაგნოსტიკა, ფილტვის ატელექტაზი – მკურნალობა და პროფილაქტიკა >>>

1. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონიდან:

ფილტვის ატელექტაზი – მდგომარეობა, როდესაც ბრონქების დახშობის და შემდგომ ჰაერის გაწოვის შედეგად, დახშობის ადგილის ქვემოთ, ხდება ფილტვის ქსოვილის, უფრო ხშირად წილის ან სეგმენტის, შეჭმუხვნა და გამკვრივება. ატელექტაზი ასევე შეიძლება განვითარდეს ფილტვის ქსოვილზე გარედან პლევრალური გამონადენით ზეწოლის შედეგად. ბრონქის დახშობის მიზეზი შეიძლება იყოს სიმსივნე, უცხო სხეული, გადიდებული ლიმფური კვანძი, აგრეთვე პნევმონიების, ბრონქიტების, ბრონქოექტაზიების დროს ბრონქების ბლანტი (წებოვანი) სეკრეტი. ატელექტაზის განვითარებას, ზოგჯერ, ხელს უწყობს მუცლის ღრუს ორგანოებზე ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც, ზოგადი გაუტკივარების გამო, ხდება ფილტვების ვენტილაციის დარღვევა.  სიმპტომები. საკმაოდ ხშირად ავადმყოფებს შეიძლება აღენიშნებოდეთ ფილტვების თანმხლები დაზიანების სიმპტომები. მწვავედ განვითარებული ატელექტაზის დროს, ავადმყოფები შეიძლება უჩიოდნენ ტკივილს გულმკერდის არეში, ქოშინის გაძლიერებას; გამოკვლევისას აღინიშნება ციანოზი, გულმკერდის დაზიანებული ნაწილის სუნთქვის აქტში ჩამორჩენა, ფილტვის შესაბამის უბანში პერკუტორული ხმიანობის მოყრუება, იქვე სუნთქვის და ფილტვის ხმიანობის შესუსტება. შეიძლება აღინიშნებოდეს ტაქიკარდია, ჰიპოტონია, ატელექტაზის ინფექციით გართულებისას – ტემპერატურის მომატება. თუმცა ხშირად, ატელექტაზის თანდათანობით განვითარების და მისი მცირე ზომების შემთხვევაში, სიმპტომები შესაძლებელია უმნიშვნელოდ იყოს გამოხატული, ხოლო ატელექტაზი დიაგნოსტირდება რენტგენოლოგიურად. ამასთან ერთად, დაზიანებული უბნის გამჭირვალობა მცირდება, მის ჩრდილს ხშირად აქვს სამკუთხედის ფორმა, რომელიც წვერით მიმართულია ფილტვის კარისკენ. დიდი ზომის ატელექტაზის დროს, შეიძლება აღინიშნებოდეს შუასაყრის ორგანოების ცდომა დაზიანების მხარეს. ატელექტაზის თავისებურ ფორმას წარმოადგენს ე.წ. შუა წილის სინდრომი, რაც განპირობებულია გადიდებული ლიმფური კვანძით მსხვილი ბრონქის ობტურაციით. უფრო ხშირად ეს გადიდებული ლიმფური კვანძი არის გადატანილი ტუბერკულოზის შედეგი. ატელექტაზის მიზეზის დასადგენად, ზოგჯერ  აუცილებლობას მოითხოვს ტომოგრაფიის ან ბრონქოგრაფიის გაკეთება.

2. ინფორმაცია ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიიდან:

ფილტვის ატელექტაზი – პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც მთლიანად ფილტვი, მისი რომელიმე წილი ან სეგმენტი ვენტილაციის  დარღვევის გამო ხდება უჰაერო და იჩუტება.

ატელექტაზის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს ბრონქის ობტურაცია ან ფილტვზე ზეწოლა. პირველ შემთხვევაში მთავარი ბრონქის ობტურაცია ხდება მთლიანი ფილტვის ატელექტაზის მიზეზი, წილოვანი ან სეგმენტური ბრონქის გამავლობის დარღვევის შედეგად კი ვითარდება შესაბამისი წილის ან სეგმენტის  ატელექტაზი.

ფილტვის ატელექტაზის სახეები

განვითარების მექანიზმის მიხედვით განასხვავებენ თანდაყოლილ და შეძენილ ფილტვის ატელექტაზს.

ახალშობილებში ფილტვის ატელექტაზი გარკვეული თავისებურებით ხასიათდება. ატელექტაზის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს ფილტვის ქსოვილის უმწიფრობა, კერძოდ კი ელასტიური ბოჭკოების სუსტი განვითარება, სურფაქტანტის არასაკმარისი აქტივობა. ყველაზე ხშირად ახალშობილებში ფილტვების თანდაყოლილი ატელექტაზის განვითარების მიზეზია  სანაყოფო წყლების ან სისხლის ასპირაცია. შეძენილი ატელექტაზი ვითარდება ბრონქების ობტურაციისას უცხო სხეულით, წებოვანი სეკრეტით, სისხლით, პირნაღები მასებით, სიმსივნით. იშვიათად შეძენილი ატელექტაზი შეიძლება განაპირობოს ტრავმის შედეგად ბრონქების დაზიანებამ, ტრავმის ან გადატანილი ტუბერკულოზის შედეგად ნაწიბუროვანმა ცვლილებებმა, ბრონქზე სიმსივნის ან გადიდებული ლიმფური კვანძის ზეწოლამ. პლევრის ღრუში ჰაერის ან სითხის დაგროვებამ შესაძლოა გამოიწვიოს კომპრესიული ატელექტაზი.

ფილტვის ატელექტაზი – კლინიკური სურათი

ფილტვის ატელექტაზის დროს კლინიკური სურათის სიმძიმე დამოკიდებულია ვენტილაციიდან გათიშული ფილტვის ნაწილის მოცულობაზე და ვენტილაციის შეწყვეტის ტემპზე. განსაკუთრებით მკვეთრი კლინიკური სურათით ხასიათდება სწრაფად განვითარებული ატელექტაზი, როდესაც მთელი ფილტვი გამოთიშულია: აღინიშნება ძლიერი ქოშინი, ტკივილი დაზიანების მხარეს, პულსის გახშირება, არტერიული წნევის დაქვეითება, ზოგჯერ ვლინდება ციანოზი. პროგრესირებადი სუნთქვის უკმარისობა  შესაძლებელია ლეტალური გამოსავალით დამთავრდეს. ატელექტაზის მხარეს გულმკერდი მნიშვნელოვნად ჩამორჩება სუნთქვაში ჯანმრთელ მხარესთან შედარებით. აღნიშნული უბნის აუსკულტაციით შესუსტებულია ან არ ისმინება სუნთქვითი ხმიანობა. გული  გადანაცვლებულია ატელექტაზური ფილტვის მხარეს.

თანდათანობით განვითარებული ატელექტაზი შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, თუმცა ბრონქის თანდათანობით დახშობისას ატელექტაზის ზონაში ვითარდება ანთებითი პროცესი – ატელექტაზური პნევმონია, რაც შეიძლება გართულდეს ფილტვის აბსცედირებით. შემდგომში ანთებითი პროცესის ჩაცხრობისას წარმოიქმნება შემაერთებელი ქსოვილი, პროგრესირდება სკლეროზული ცვლილებები. დაზიანებული ფილტვის სუნთქვითი ფუნქცია ამასთან ქვეითდება. თუ ატელექტაზი ვითარდება სწრაფად მოკლე დროში, ბრონქები ივსება სქელი, როგორც წესი სტერილური სეკრეტით, ანთებითი და სკლეროზული ცვლილებები ამ დროს მინიმალურია, ატელექტაზის მიზეზის ლიკვიდაციის შემდეგ ფილტვის ქსოვილი კვლავ ხდება მოფუნქციონირე.

ფილტვის ატელექტაზი – დიაგნოსტიკა

ფილტვის ატელექტაზის დიაგნოსტირების ყველაზე საიმედო მეთოდია გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომლის დროსაც ვლინდება მკვრივი უჰაერო ჩრდილები ფილტვში.

ფილტვის ატელექტაზი – მკურნალობა და პროფილაქტიკა

ფილტვის ატელექტაზის მკურნალობა მიმართულია ბრონქული გამავლობისა და ფილტვების ვენტილაციის აღდგენისაკენ. ავადმყოფი უნდა მოთავსდეს  ჯანმრთელ მხარეს, რათა მოხდეს დრენირების სტიმულირება. ბრონქული გამავლობის აღდგენის მიზნით ბრონქების  უცხო სხეულით ან თხევადი მასებით (სისხლით, ნაღებინები მასებით) ობტურაციისას მიმართავენ ბრონქოსკოპიას. ატელექტაზის დროს, რომელიც გამოწვეულია ბრონქების ნაწიბუროვანი ცვლილებების შედეგად განვითარებული სტენოზით, გულმკერდშიდა სიმსივნით, როგორც წესი, მიმართავენ  ოპერაციულ ჩარევას. კომპრესიული ატელექტაზის დროს, რომელიც განპირობებულია ფილტვზე ზეწოლით ექსუდაციური პლევრიტის ან პნევმოთორაქსის დროს, ეფექტურია პლევრული პუნქცია და პლევრის ღრუს დრენირება სითხისა და ჰაერის ასპირაციით. ნაჩვენებია ანტიბიოტიკოთერაპია.

ფილტვის ატელექტაზის პროფილაქტიკა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს  პოსტოპერაციულ პერიოდში. ავადმყოფს უნდა აეხსნას, რომ  სასუნთქი გზების გამავლობის შესანარჩუნებლად აუცილებელია  კარგად ამოხველება. საჭიროა პერიოდულად შევცვალოთ ავადმყოფის მდებარეობა საწოლში, რაც შეიძლება ადრე მოვახდინოთ მისი გააქტივება, ჩავატაროთ გულმკერდის მასაჟი, სუნთქვითი ვარჯიშები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988