ფლეგმონა

ფლეგმონა – (ქირურგ.) კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის გავრცელებული ჩირქოვანი ანთება. ფლეგმონა შესაძლოა განვითარდეს ლორწქვეშა და კუნთოვან შრეებში, ფასციების და აპონევროზების ქვეშ. თუკი ჩირქოვანი ანთება ვითარდება რომელიმე ორგანოს გარშემომრტყველ ქსოვილში, მაშინ გამოიყენება ტერმინი წინსართით ,,პარა’’ – პარანეფრიტი, პარამეტრიტი, პარაპროქტიტი და ა.შ. ფლეგმონის გამომწვევბი უხშირესად არიან სტრეპტოკოკები და სტაფილოკოკები, იშვიათად შერეული ინფექცია.  სიმპტომები, მიმდინარეობა. კლინიკური სურათი ძალიან მრავალფეროვანია. ზედაპირული ფლეგმონის დროს აღინიშნება მწვავე მოპულსირე მტკივნეულობა, გავრცელებული შესიება, კანის სიწითლე და შეშუპება. საწყის სტადიაში, ფრთხილი პალპაციით ისინჯება მკვრივი, მტკივნეული ინფილტრატი, შემდგომში – კანის პასტოზურობა და ფლუქტუაცია. უმეტეს შემთხვევებში დაავადება იწყება მწვავედ და მას თან სდევს ტემპერატურის მომატება, შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი.  ფასციების და აპონევროზების ქვეშ ლოკალიზებული ფლეგმონების შემთხვევაში, დაავადების დასაწყისში ადგილობრივი გამოვლინებები მკვეთრად არ არიან გამოხატულნი. წინა პლანზე გამოდის ზოგადი ინტოქსიკაციის და ამა თუ იმ ორგანოს ფუნქციის დარღვევის ნიშნები. მკურნალობა. ფართო განაკვეთები ფლეგმონის გაყოლებაზე, ჩირქის და ჩირქოვან – ნეკროზული უბნების მოცილება. ოპერაციული ჭრილობის ღია წესით მკურნალობა ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენებით და ჭრილობის დრენირება. მიმართული მოქმედების ანტიბიოტიკები, სულფანილამიდური პრეპარატები სქემის მიხედვით.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი