ფსევდოტუბერკულოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფსევდოტუბერკულოზი – (pseudotuberculosis; ბერძ. Pseudes ცრუ + ტუბერკულოზი)ინფექციური დაავადება, გამომწვევის გადაცემის ალიმენტური მექანიზმით, რომელიც ხასიათდება მრავალნაირი კლინიკური გამოვლინებებით – ნაწლავის დაზიანებით, პოლიმორფული გამონაყრით, ართრალგიებით და სხვ. გამოყოფენ ფსევდოტუბერკულოზის შემდეგ კლინიკურ ფორმებს: ინტენსტინალური ფორმა, მეზენტერიული ლიმფადენიტი; ტერმინალური ილეიტი; გენერალიზებული (სკარლატინისმაგვარი) და სეპტიცემია. დაავადების გამომწვევია ფსევდოტუბერკულოზის იერსინია – Yersinia pseudotuberculosis; ინკუბაციური პერიოდი გრძელდდება 2 – დან 15 დღემდე. ინტესტინალური ფორმა იწყება მწვავედ, ტემპერატურის მომატებით; ვითარდება მწვავე გასტორენტერიტის სიმპტომები, იშვიათად ენტეროკოლიტის, ტკივილები მუცელში, უპირატესად მარჯვენა თეძოსქვეშა არეში. მეზენტერიული ლიმფადენიტი ვითარდება გასტროენტერიტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. ძლიერდება ტკივილები მარჯვენა თეძოსქვეშა მიდამოში, პალპატორულად ისინჯება ინფილტრატი ილიოცეკალურ კუთხეში. ტერმინალური ილეიტი წარმოადგენს თეძოს ნაწლავის ფსევდოტუბერკულოზური ეტიოლოგიის მწვავე ანთებას. დამახასიათებელია შეტევითი ტკივილები, ფაღარათი, თეძოს ნაწლავის ქვედა ნაწილის შევიწროება. გენერალიზებული ფორმის დროს  დაავადების დასაწყისში წარმოიქმნება შეტევითი ტკივილები მუცელში, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ცხელება შემცივნებით, ინტოქსიკაცია, ტკივილები სახსრებში, სახის ჰიპერემია; დაავადების მე – 3 – 4 დღეზე ჩნდება წვრილწერტილოვანი ენანთემა და გამონაყარი, რომელიც ნარჩუნდება 3 – 8 დღის მანძილზე; დაავადების მე – 2 – 4 კვირაზე ჩნდება აქერცვლა ტერფებზე და ხელისგულებზე. დაავადების პროგნოზი უმრავლეს შემთხვევაში კეთილსაიმედოა. 2.  გავრცელებული ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ფსევდოტუბერკულოზის იერსინია. დაავადება ვლინდება ცხელებით, კანზე გამონაყარით. დამახასიათებელია სახის, მტევნებისა და ტერფების გაწითლება. ხშირია ტკივილები მუცელში, სახსრების დაზიანება. დაავადებამ შესაძლოა მიიღოს გახანგრძლივებული მიმდინარეობა. შესაძლო გართულებებია: აპენდიციტი, მიოკარდიტი, მენინგიტი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა