ფსორიაზი (ქიცვისებური ლიქენი)

ფსორიაზი (ქიცვისებური ლიქენი) – 1. (კანისა და ვენ. დაავ.) ქრონიკული, ჩვეულებრივ მორეციდივე დაავადება. გვხვდება საკმაოდ ხშირად. ეტიოლოგია უცნობია. დაავადება შეიძლება დაიწყოს ნებისმიერ ასაკში, თუმცა ხშირად 15 – 25 წლის განმავლობაში. სიმპტომები. დაავადება იწყება მწვავედ, ჯანმრთელ კანზე ღია ვარდისფერი, ქინძისთავის ზომიდან ოსპის ზომით დამთავრებული, წვრილი, კვანძოვანი ელემენტების გაჩენით, რომლებიც სწრაფად იფარებიან ვერცხლისფერი – თეთრი ქიცვებით. იზრდებიან რა პერიფერიისკენ, კვანძები ხშირად ერთმანეთს ერწყმიან, წარმოქმნიან საკმაო სიდიდის მსხვილკუწუბისებური მოხაზულობის კერებს. ცალკეულ შემთხვევებში დაზიანება ატარებს უნივერსალურ ხასიათს, ვითარდება ფსორიაზული ერითროდერმია. ფსორიაზის დროს ყველაზე ხშირი ლოკალიზაციაა კიდურების გამშლელი ზედაპირები, განსაკუთრებით იდაყვის და მუხლის სახსრების მიდამოები, თავის თმიანი ნაწილი. განარჩევენ დაავადების მიმდინარეობის 2 სტადიას: პროგრესული, სტაციონალური, რეგრესული. პროგრესულ სტადიაში ხდება ახალი გამონაყრის გაჩენა და უკვე არსებულის ზომებში გაზრდა. ნაკაწრების ადგილებში ასევე ჩნდებიან გამონაყრის ელემენტები. სტაციონალურ სტადიაში ხდება პროცესის სტაბილიზაცია, გამონაყრის ახალი ელემენტები არ ვითარდებიან. რეგრესულ სტადიაში ხდება ელემენტების უკუგანვითარება. ფსორიაზის დიაგნოსტიკაში აფხეკის მეთოდით შესაძლებელია ე.წ ფსორიაზული ტრიადის აღმოჩენა, ე.ი ფსორიაზისთვის ძალიან დამახასიათებელი 3 სიმპტომი: სტეარინული ლაქის სიმპტომი, რომლის დროსაც ქერცლები, რომლებიც ფარავენ გამონაყრის ელემენტს, იშლებიან წვრილ ნაწილებად, რომელიც მოგვაგონებენ კანზე დაცემული გამდნარი სტეარინის წვეთს. შემდგომი აქერცვლის შემთხვევაში ვლინდება მსხვილი აპკის ფორმის ფოლაქის გლუვი ზედაპირი, ე.წ. ტერმინალური აპკის (ფირფიტის) სიმპტომი. ამ უკანასკნელის მოცილების შემდეგ ვითარდება წერტილოვანი სისხლდენის სიმპტომი სისხლიანი ნამის სახით.  ფსორიაზის დროს, ფრჩხილები, მრავლობითი წერტილოვანი ჩაღრმავებების გამო, მოგვაგონებენ სათითეს. ფსორიაზის რეციდივები უხშირესად აღინიშნება შემოდგომა – ზამთრის პერიოდში (ზამთრის ფორმა), იშვიათად ზაფხულობით (ზაფხულის ფორმა). ცალკეულ რეციდივებს შორის შუალედი ჩვეულებრივ გრძელდება რამდენიმე თვე. ფსორიაზული ერითროდერმია ხასიათდება კანის შეწითლებით, მისი შეშუპებით, ქავილით. ნაფხანებმა შესაძლოა ხელის შეუწყონ მეორადი ინფექციის განვითარებას. ერთ – ერთ ყველაზე მძიმე ფორმას წარმოადგენს ართროპათიული ფსორიაზი, როდესაც პროცესში, კანის გარდა, ერთვებიან სახსრები, უპირატესად მტევნების და ტერფების. ძლიერმა ტკივილებმა, მადეფორმირებელმა პოლიართრიტმა, შემდგომში ანკილოზებმა შესაძლოა გამოიწვიონ ინვალიდობა. 2.  დაუდგენელი ეტიოლოგიის  ქრონიკული მორეციდივე დერმატოზი, რომლის ძირითად ელემენტს წარმოადგენს პაპულები (ფოლაქები); ხასიათდება ფსორიოზული ტრიადით.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი