ქრონიკული ურემია (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა)

ქრონიკული ურემია (თირკმლის ქრონიკული უკმარისობა) – ხასიათდება თირკმლის ფუნქციების, პირველ ყოვლისა გამომყოფი ფუნქციის დარღვევით, სისხლში აზოტოვანი ნივთიერებების თანდათანობითი დაგროვებით. აღნიშნული პათოლოგია არის თირკმლების მრავალი ქრონიკული დიფუზური დაავადების შედეგი: ქრონიკული ნეფრიტი, ამილოიდოზი, პიელონეფრიტი, სისტემური სისხლძარღვოვანი დაავადებები (კვანძოვანი პერიარტერიიტი, სისტემური წითელი მგლურა). სიმპტომები. ჩვეულებრივ ავადმყოფებს დაავადების მეტ – ნაკლებად ხანგრძლივი მიმდინარეობისას, უვითარდებათ თირკმლების დაზიანების სიმპტომები. თირკმლის უკმარისობის განვითარებასთან დაკავშირებით, აღინიშნება ჩივილები საერთო სისუსტის გაძლიერებაზე, მადის დაკარგვაზე, კანის ქავილზე, გულისრევაზე, ღებინებაზე, ძილიანობის დარღვევაზე, წონაში დაკლებაზე. გამოკვლევებით დგინდება კუნთოვანი შეკუმშვები, კანის სიფერმკრთალე, ტემპერატურის დაქვეითება (ინფექციური გართულების პერიოდშიც კი). არტერიული წნევა, როგორც წესი, მომატებულია. გამოხატული ურემიისას ვითარდება პერიკარდიტი, ჩვეულებრივ მშრალი, იშვიათად ექსუდაციური. პარალელურად აღინიშნება მიოკარდის დაზიანება განპირობებული ანემიით, ჰიპერტონიით, ელექტროლიტური ცვლის დარღვევით. გული ზომებში მომატებულია, აღინიშნება მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ნიშნები, მოისმინება სისტოლური შუილები, შესაძლებელია განვითარდეს შეგუბებითი მოვლენები. ფილტვებში ვლინდება ტოქსიკური შეშუპების ნიშნები, რომელიც მკაფიოდ მოჩანს რენტგენოლოგიური გამოკვლევით. ჩვეულებრივ ადგილი აქვს ანემიას. თრომბოციტების რიცხვი შესაძლოა შემცირებული იყოს, რაც წარმოადგენს სისხლდენებისადმი მომატებული მიდრეკილების ერთ – ერთ მიზეზს. სისხლის შრატში მომატებულია კრეატინინის, ნარჩენი აზოტის, შარდმჟავას, კალიუმის შემცველობა. შესაძლებელია განვითარდეს აციდოზი დამახასიათებელი ,,დიდი ხმაურიანი სუნთქვის’’ გაჩენით. შარდის ხვედრითი წონა მუდმივად შემცირებულია, რისი შეფასებაც ხდება ზიმნიცკის ცდით. ჩვეულებრივ აღინიშნება პროტეინურია. თირკმლის უკმარისობის პროგრესირებას მოვყავართ ურემიული კომის განვითარებამდე გონების დაბინდვით. ქრონიკული ურემიის მიმდინარეობა მრავალფეროვანია, რაც მნიშვნელოვან წილად დაკავშირებულია ძირითადი დაავადების ხასიათზე.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..