შრატისმიერი დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შრატისმიერი დაავადება – 1. ალერგიული დაავადება, რომელიც ვითარდება ცალკეულ შემთხვევებში სამკურნალო ან პროფილაქტიკური მიზნით შრატის შეყვანის შედეგად. დაავადების განვითარებას საფუძვლად უდევს იმუნური მექანიზმები ანტისხეულების და ანტიგენის ურთიერთქმედებით. ავადდებიან უხშირესად მოზრდილები. სიმპტომები. დაავადება იწყება შრატის შეყვანის ადგილზე ქავილისა და დისკომფორტის გაჩენით. შრატის შეყვანის გაგრძელების შედეგად დაავადება სწრაფად პროგრესირებს, კანზე ჩნდება ჰემორაგიული ხასიათის ან ჭინჭრის ციების მსგავსი გამონაყარი, ერითემატოზი გამოხატული ქავილით. სახე და განსაკუთრებით ქუთუთოები შეშუპებულია. აღინიშნება მოძრაობისას კუნთებში და სახსრებში მტკივნეულობა. ავადმყოფი ჩვეულებრივ საწოლს არის მიჯაჭვული გამოხატული საერთო სისუსტის, თავის ტკივილის, ნევროლოგიური დარღვევების გამო. დამახასიათებელია ცხელება, რომელიც ზოგჯერ ვითარდება დასაწყისში, უხშირესად კი დაავადების პიკზე. შესაძლებელია აღინიშნებოდეს ტკივილები მუცლის არეში და დისპეფსიური მოვლენები. დაავადება შესაძლოა გართულდეს ანაფილაქსიური შოკის, მიოკარდიტის, გლომერულონეფრიტის, ჰეპატიტის განვითარებით. ხშირად დიდდება ლიმფური კვანძები, ელენთა ჩვეულებრივ პალპაციით არ ისინჯება. სისხლში ნახულობენ ლეიკოციტოზს, ზოგჯერ ეოზინოფილიას, ედს – ის უმნიშვნელო მომატებას. პროფილაქტიკა. შრატისმიერი დაავადების უმნიშვნელო სიმპტომების გაჩენისთანავე აუცილებელია პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა უფრო მძიმე ცვლილებების თავიდან აცილების მიზნით. მნიშვნელოვანია თავი შევიკავოთ შრატის გამოყენებისგან იმ პირებში, რომლებიც ანამნეზში აღნიშნავენ ალერგიულ რეაქციებს. წარსულში ალერგიული ანამნეზის მქონე ავადმყოფებში, შრატის აუცილებლად შეყვანის პირობებში, აუცილებელია პრეპარატი შევიყვანოთ წილადობრივად. (ბეზრედკას მიხედვით). 2.  ალერგიული დაავადება, რომელსაც იწვევს ორგანიზმში ცილის დიდი რაოდენობით შეყვანა; ვლინდება ცხელებით, სახსრების ტკივილით, ერითემითა და ლიმფური კვანძების გადიდებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..