შუბლის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

შუბლის სინდრომი – (სინ.: პრეფრონტალური ზონის სინდრომი) ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევების კომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ტვინის შუბლის წილის კეროვანი დაზიანების დროს; სინდრომი აღინიშნება ქალა – ტვინის ტრავმის შემდეგ, ქალაშიდა სიმსივნეების, ინფარქტებისა და სისხლჩაქცევების, ასევე ანთებითი და ატროფული პროცესების დროს. სინდრომისათვის დამახასიათებელია ექტრაპირამიდული დარღვევები: სახის მიმიკური კუნთების პარეზი, ჰიპო –  და აკინეზია, ორალური ავტომატიზმის რეფლექსები, ტაცებითი რეფლექსები; შუბლის სინდრომს მიეკუთვნება აგრეთვე  მოძრაობის უფრო რთული დარღვევები: ჩვეული მიზანმიმართული მოძრაობების მოშლა, ე. წ. აფერენტული აპრაქსია, წერის დარღვევა  – აგრაფია, ასევე სიარულისა და დგომის გაძნელება – ასტაზია – აბაზია. დაზიანების კერის ლოკალიზაციისას შუბლის  მარცხენა ქვედა ხვეულში მემარჯვენეებში იწვევს  მეტყველების მოშლას – ვითარდება მოტორული ქერქული აფაზია. სინდრომის შემადგენელ ნაწილი შესაძლოა იყოს ეპილეპტოფორმული შეტევები, რომლებიც იწყება თავის  და თვალების მობრუნებისას დაზიანების კერის მოპირდაპირე მხარეს. დამახასიათებელია აგრეთვე ფსიქიკისა და ქცევის ცვლილებები. ქალა – ტვინის ტრავმის შემდეგ შუბლის სინდრომის ყველა გამოვლინებები შესაძლოა წარმოიქმნას მაშინვე, შემდეგ კი ხდება მათი უკუ განვითარება. ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნეების და ატროფული პროცესების დროს კლინიკური სურათი ვითარდება ნელა, რამდენიმე თვის, ზოგჯერ კი წლის განმავლობაში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook