ჩირქოვანი ართრიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჩირქოვანი ართრიტი – სახსრის ჩირქოვანი ანთება, ვითარდება ინფექციის ჰემატოგენური ან ლიმფოგენური (ტრამვების დროს) გზით, სხვა კერიდან (ოსტეომიელიტი, ფლეგმონა) გავრცელების შედეგად. პროცესში ჩართული შეიძლება იყოს მხოლოდ სინოვიური გარსი (ჩირქოვანი სინოვიტი), სასახსრე კაფსულა ან ჩანთა, ძვლების სასახსრე ზედაპირები და, ბოლოს, სახსრის ყველა ელემენტი  –  პანართრიტი. უხშირესად ზიანდება მსხვილი სახსრები: მუხლის (გონიტი), მენჯ  –  ბარძაყის (კოქსიტი), იდაყვის, მხრის და ქუსლ  –  წვივის.  სიმპტომები და მიმდინარეობა. მწვავე დაწყებისას აღინიშნება ძლიერი ტკივილი დაზიანებულ სახსარში, მისი ფუნქციის დარღვევა, ტემპერატურის მომატება 39  –  40 გრადუსამდე, გამოხატული ინტოქსიკაცია. სახსრების კონტურები გადასწორებულია, შეშუპებული, ვითარდება კანის სიწითლე, მოგვიანებით ფლუქტუაცია. კიდური ნახევრადმოხრილ მდგომარეობაშია, მოძრაობა მკვეთრად მტკივნეულია. მკურნალობა. აუცილებელია ავადმყოფის სასწრაფო გადაყვანა საავადმყოფოში. დაავადების საწყის სტადიაში ნაჩვენებია იმობილიზაცია, მიკრობებისადმი მგრძნობელობის განსაზღვრის შემდეგ, ანტიბიოტიკების მასიური დოზები, სულფანილამიდური პრეპარატები სქემის მიხედვით, სახსრის პუნქციები ანტიბიოტიკების შეყვანით. ჩირქის წარმოქმნის შემდეგ  –  სახსრის ღრუს გახსნა. ანთების ჩაცხრომის შემდეგ  –  ფიზიოთერაპია, სამკურნალო ფიზკულტურა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..