წყლულოვანი დაავადება

წყლულოვანი დაავადება – კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავისა, კრიუველიეს დაავადება, ადამიანის ქრონიკული ციკლურად მიმდინარე დაავადება, რომელსაც ახასიათებს წყლულების გაჩენა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსზე. 1829 ცალკე ნოზოლოგიურ ერთეულად გამოყო ფრანგმა ექიმმა ჟ. კრიუველიემ. დაავადების განვითარების საყოველთაოდ აღიარებული თეორია არ არსებობ. მისი გახშირების ტენდენციას უკავშირებენ ურბანიზაციის პროცესს, ნერვულ – ფსიქიკურ დაძაბვას, უარყოფით ემოციებს, სტრესს, ქრონ. ინტოქსიკაციას (თამბაქო, ალკოჰოლი), ხმაურს, ჰაერის გაბინძურებას, ცხოვრების რიტმისა და საკვების ხასიათის შეცვლას, არარეგულარულ კვებას და სხვა მავნე ფაქტორს. ზოგჯერ წყლულის გაჩენას წინ უსწრებს გასტრიტი. წყლულოვან დაავადებას პერიოდული, სეზონური ხასიათი აქვს, ჩვეულებრივ მწვავდება ზაფხულ – შემოდგომაზე. ავადდებიან ყველა ასაკში, უფრო ხშირად 25 – 50 წლის მამაკაცები. ავადმყოფების უმრავლესობას კუჭის წვენის მჟავიანობა მომატებული აქვს, ზოგჯერ (კუჭის წყლულის დროს)  –  ნორმალური ან დაქვეითებული. წყლულოვან დაავადებას ახასიათებს საჭმლის მიღებასთან დაკავშირებული ტკივილი, რომელიც იწყება კუჭის წყლულის დროს საჭმლის მიღებიდან ½ – 1 სთ, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის დროს კი 3 – 4 სთ შემდეგ. ზოგჯერ ტკივილი იწყება დილით, უზმოზე (”მშიერი” ტკივილი), რაც საკვების მიღების შემდეგ გაივლის ხოლმე. არის შემთხვევები, როდესაც ტკივილი საერთოდ არ არის გამოხატული (ე. წ. ”მუნჯი” წყლული) და დაავადება მხოლოდ რაიმე გართულებით ვლინდება. ტკივილს იწვევს (ან აძლიერებს) მლაშე, ცხარე ქონიანი საკვები, ხორცის კონცენტრირებული ნახარში, ალკოჰოლი; ტკივილს შეიძლება დაერთოს გულძმარვა, ბოყინი, გულისრევა, პირღებინება და სხვ. წყლულოვანი დაავადების გართულებაა წყლულის მეზობელ ორგანოებში  –  პანკრეასში, ღვიძლში, ნაღვლის ბუშტში ჩაღწევა (პენეტრაცია); წყლულის გახვრეტა (პერფორაცია), რასაც მუცლის უეცარი მწვავე (”ხანჯლისებური”) ტკივილი და შემდეგ პერიტონიტის განვითარება მოსდევს; კუჭიდან სისხლის დენა, რასაც ახასიათებს უეცარი სისუსტე, ცნობიერების დაკარგვა, სისხლიანი პირღებინება, მუქი განავალი, მწვავე ანემია და სხვ.; კუჭის გასავლისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ნაწიბუროვანი შევიწროება; კუჭის წყლულის კიბოდ გადაგვარება. დიაგნოზის დასადგენად მიმართავენ რენტგენოლოგიურ გამოკვლევას, ენდოსკოპიას და სხვ. მკურნალობა: გამწვავების პერიოდში კონსერვატიული  –  დიეტა; მედიკამენტური, ფიზიოთერაპიული, სანატორულ – კურორტული მკურნალობა; გართულებული და არაეფექტური ხანგრძლივი კომპლ. მკურნალობის დროს  –  ქირურგიული ოპერაცია; წყლულის გახვრეტის ან შეუჩერებელი სისხლდენის შემთხვევაში  –  საწრაფო ოპერაცია. პროფილაქტიკა: შრომის, ცხოვრებისა და კვების რეჟიმის მოწესრიგება, თამბაქოს და ალკოჰოლის აკრძალვა, გასტრიტის დროული მკურნალობა. რ. ბოკერია. [“1”]

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..

Share this...Share on Facebook
Facebook