ჰემართროზი

ჰემართროზი – haemarthrosis 1. სისხლჩაქცევა სახსრის ღრუში. წარმოიქმნება დაჟეჟვის, ხშირად სახსრის სახსარშიგა დაზიანებების დროს (კაფსულის, მენისკის გაგლეჯა, ქვეამოვარდნილობები, მოტეხილობები). ყველაზე ხშირი ლოკალიზაციაა მუხლის სახსარი. სიმპტომები, მიმდინარეობა. სისხლი ავსებს სახსრის ღრუს, იწვევს ტკივილს; სახსარი მოცულობაში დიდდება, მოძრაობა შეზღუდული და მტკივნეულია. ძლის ტრავმის გამოსარიცხავად აუცილებელია სახსრის რენტგენოგრაფია. გართულებები: გადასვლა ქრონიკულ მიმდინარეობაში სინოვიტის განვითარებით; სახსრის შიგთავსის დაინფიცირების დროს შესაძლებელია განვითარდეს ჩირქოვანი ართრიტი. მკურნალობა. ჰოსპიტალიზაცია და სახსრის იმობილიზაცია, სახსრის პუნქცია ასეპტურ პირობებში, მისგან სისხლის ამოღება, დამწოლი ნახვევი მუხლის სახსარზე რგოლისებურად, უკანა თაბაშირის ლონგეტი 2 – 3 კვირის განმავლობაში. ამის შემდეგ ინიშნება სამკურნალო ფიზკულტურა, ფიზიოთერაპია. პროფილაქტიკა: დამცავი საშუალებების გამოყენება ფეხბურთის, კალათბურთის, ხელბურთის, ჰოკეის თამაშის დროს.

2. ჰემართროზი (ქირურგ.) – სახსრის ღრუში სისხლჩაქცევა. ვითარდება სახსრების ტრამვების, ჰემორაგიული დიათეზების (ჰემოფილია, სურავანდი და სხ.) დროს. სიმპტომები, მიმდინარეობა. ტკივილი, სახსრებში მოძრაობის შეზღუდვა, სახსრების კონტურების გადასწორება და შეშუპება. მნიშვნელოვანი სისხლჩაქცევის დროს შესაძლოა გამოვლინდეს ფლუქტუაცია, ზოგჯერ, პასიური მოძრაობებისას აღინიშნება დამახასიათებელი ტკაცუნი. მკურნალობა. დაზიანებული სახსრის მოსვენება, უკანა თაბაშირის ლონგეტა, მუხლზედა მიდამოში დამწოლი ნახვევი, პირველი 2 – 3 დღის განმავლობაში ყინულიანი ბუშტი. რამდენიმე დღის შემდეგ – სითბური ფიზიოთერაპიული პროცედურები, დოზირებული სამკუნალო ტანვარჯიში. სახსარში სისხლის დიდი რაოდენობით დაგროვების შემთხვევაში  – პუნქცია და სისხლის ამოტუმბვა ანტიბიოტიკების შეყვანით.


 

Share this...Share on Facebook
Facebook