ჰიდრონეფროზი

ჰიდრონეფროზი – 1. შარდის დაგროვება თირკმლის მენჯში და ფიალებში მისი შარდის ბუშტში გადინების შეფერხების შედეგად. აღნიშნული შეფერხების მიზეზებს მიეკუთვნება შარდსაწვეთის თანდაყოლილი შევიწროება, ანომალურად განლაგებული სისხლძარღვით მასზე ზეწოლა, მისი გადახრა ცთომილი თირკმლის დროს, შარდსაწვეთის დახშობა კენჭით ან შარდის ბუშტის სიმსივნის (რომელიც განლაგებულია შარდსაწვეთის შარდის ბუშტში ჩართვის ადგილას) ზეწოლის შედეგად. ჰიდრონეფროზის დროს ხდება თირკმლის მენჯის და ფიალების მეტ – ნაკლებად მნიშვნელოვანი გაფართოება, მათი კედლის განლევა და თირკმლის პარენქიმის ატროფია. სიმპტომები, მიმდინარეობა. ჰიდრონეფროზის საწყისს სტადიაში, ავადმყოფები არ უჩივიან რაიმე სახის უსიამოვნო შეგრძნებებს. ამ პერიოდში დიაგნოზის დასმა ხდება მხოლოდ შემთხვევითი (სხვა მიზეზით) რენტგენოლოგიური გამოკვლევის შედეგად. შემდგომში აღინიშნება სიმძიმის შეგრძნება ნეკნქვეშა და წელის მიდამოში, ზოგჯერ ხასიათდება თირკმლის კოლიკის შეტევით, გამოყოფილი შარდის რაოდენობის პერიოდული შემცირებით და შემდგომ (გარკვეული პერიოდის შემდეგ) მისი ჭარბი გამოყოფით. მუცლის პალპაციით შესაძლებელია აღინიშნებოდეს რბილი კონსისტენციის სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც იძლევა ფლუქტუაციას. რენგტენოლოგიური გამოკვლევით ხდება დაავადების ხასიათის და განვითარების ხარისხის დადგენა. მკურნალობა. შარდის გამოდევნის წინააღმდეგობის მოცილება ოპერაციის მეშვეობით.

2.  დაავადება, რომელიც ხასიათდება თირკმლის მენჯის, გაფართოებით, პარენქიმის ატროფიით და თირკმლის ძირითადი ფუნქციების პროგრესირებადი გაუარესებით, რაც განპირობებულია თირკმელებიდან შარდის გამოდენის დარღვევით.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი