ფსიქიკური დეფექტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფსიქიკური დეფექტი – ავადმყოფური პროცესის შედეგად განპირობებული ამა თუ იმ ფსიქიკური ფუნქციის მოშლა  ცენტრალური ნერვული სისტემის დისოციაციის შედეგად. ფსიქიკური დეფექტის ჩარჩოებში, რომელიც ფორმირდება ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანების, თავის ტვინის  ტრავმის, ენცეფალოპათიების, ინტოქსიკაციების, ატროფული და სისხლძარღვოვანი პროცესების შედეგად, შესაძლებელია მოხდეს ფსიქიკის გამოხატული ცვლილებები, სხვადასხვა ხარისხის  ჭკუასუსტობამდე და პიროვნების დაშლამდეც (მარაზმი). პარციალური (დისმნეზური) ჭკუასუსტობა ხასიათდება მეხსიერების შესუსტებით, ამასთან პირველ რიგში ავადმყოფს აღარ ახსოვს ახლო წარსულში მომხდარი მოვლენები, ახლადმიღებული ინფორმაცია და მხოლოდ შემდეგში ხდება შორეული წარსულის მოვლენების წაშლა. ამნეზური დარღვევები შერწყმულია ემოციურ დაძაბულობასთან, მტირალობასთან, სულმოკლეობასთან. დამახსოვრების მოშლამ შესაძლებელია მიიღოს  ამნეზიური დეზორიენტაციის ხარისხი. (ავადმყოფები ვეღარ აგნებენ საკუთარ სახლს, ვერ ცნობენ ნაცნობებს და ახლობლებსაც კი); ამგვარი დარღვევების წარმოქმნას ჩვეულებრივ თან ახლავს კრიტიკის მნიშვნელოვანი დაქვეითება, გაღიზიანებადობა. ტოტალური (პარალიზური) ჭკუასუსტობა გამოიხატება შემეცნებითი მოღვაწეობის ყველა ფორმის უხეში დაქვეითებით, პიროვნების ინდივიდუალური თვისებების ნიველირებით,  მსჯელობების სიმწირით, მყარი ეიფორიით; ქცევა არაადექვატურია სიტუაციისა; ავადმყოფები არაკრიტიკულნი არიან, ხშირად შეუფერებლად იქცევიან. პიროვნების დაშლა (მარაზმი) ვლინდება კონტაქტების მოშლით გარშემომყოფებთან, მოუწესრიგებლობით, გაუმაძღრობით, რაც შერწყმულია კახექსიასთან. ავადმყოფები უმწეონი, საწოლზე მიჯაჭვულნი არიან. გარდა ფსიქიკის  აღწერილი უხეში დარღვევებისა, გამოყოფენ აგრეთვე ნეგატიური ცვლილებების მსუბუქ ფორმებს. მათ საწყის გამოვლინებებს მიეკუთვნება ასთენიზაცია, ფსიქოპათური ცვილებები. პიროვნების დონის დაქვეითებისას გარდა მომატებული გადაღლილობისა და გამაღიზიანებელი სისუსტისა, აღინიშნება აგრეთვე ფსიქიკური აქტიურობის ზოგადი დაქვეითება, ინტერესების წრის შეზღუდვა, ინდივიდუალური დამახასიათებელი თვისებების ნიველირება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა