ფსიქოორგანული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ფსიქოორგანული სინდრომი – ფსიქიკური სისუსტის სინდრომი, განპირობებული თავის ტვინის ორგანული დაზიანებით (ტრავმის, ინტოქსიკაციის, ინფექციის, სისხლძარღვოვანი და სხვა დაავადებების შედეგად). ყველაზე იოლ ფორმაში ფსიქოორგანული სინდრომი წარმოადგენს ასთენიურ მდგომარეობას სისუსტით, მომატებული დაუძლურებით, ემოციური ლაბილობით, ყურადღების არამდგრადობით, შრომისუნარიანობის დაქვეითებით. შედარებით მძიმე შემთხვევებში აღინიშნება პიროვნების ფსიქოპათურის მაგვარი ცვლილებები, უმთავრესად გაღიზიანებადობის, ფეთქებადობის, დისფორიებისადმი მიდრეკილების სახით. სომატური დაავადებები, ფსიქიკური ტრავმები მკვეთრად აუარესებენ ავადმყოფის მდგომარეობას. შესაძლებელია ისტერიული შეტევები. ფსიქოორგანული სინდრომის მძიმე ფორმების დროს პირველ პლანზე გამოდის ინტელექტის დაქვეითება, თითქმის ჭკუასუსტობამდე (დემენცია). მეხსიერების დაქვეითებასთან ერთად ვიწროვდება ინტერსების წრე,  იკარგება კრიტიკა. გუნებ – განწყობა შეიძლება იყოს უდარდელი (ეიფორია), ან განურჩეველ – აპათიური. 2.  (ბერძ. Psyche სული +organikos ორგანული) ნოზოლოგიური მიმართებით არასპეციფიკური ფსიქოპათოლოგიური დარღვევის ფორმა, რომლის ძირითად  სიმპტომს წარმოადგენს მეხსიერებისა და ინტელექტის დარღვევა. სინდრომის ძირითად გამოვლინებას წარმოადგენს მეხსიერების, ინტელექტის, აფექტურობის მოშლა – ე. წ. ვალტერ – ბიუელის ტრიადა; მის ხშირ გამოვლინებას წარმოადგენს ასთენია.

გაფრთხილება!