ქატოსებრი ლიქენი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქატოსებრი ლიქენი – კანის სოკოვანი დაავადება. ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია საფუარისებრი სოკო Pityrosporum orbiculare, რომელიც პარაზიტობს ეპიდერმისის რქოვან შრეში. წინასწარგანმწყობ ფაქტორებს მიეკუთვნება მომატებული ოფლიანობა, სებორეული დიათეზი. კლინიკური სურათი. გულმკედის, ზურგის, კისრის, იშვიათად მხრის სარტყლის კანზე და თავის თმიანი ნაწილზე ჩნდება მცირე ზომის (დიამეტრით 3 – 5 მმ) არაანთებითი, მოყვითალო – მოყავისფერო ლაქები, მკაფიო არასწორი საზღვრებით, რომელთა წაფხეკისას აღინიშნება უმნიშვნელო ქატოსებრი აქერცვლა. პერიფერიული ზრდის შედეგად ლაქები მატულობენ ზომებში და ერწყმიან ერთმანეთს მსხვილი კერების წარმოქმნით, ე. წ. გეოფრაფიულ მოხაზულობის. სუბიექტური შეგრძნებები არ არსებობს. გამოიყენება იოდის დიაგნოსტიკური სინჯი,   –  დაზიანებულ კანს შეაზელენ იოდის ნაყენს და მაშინვე წმენდენ სპირტით: რქოვანი შრე სწრაფად შეიწოვს იოდს და ლაქა მკვეთრად გამოიყოფა, შეიფერება მუქ ყავისფრად, მსუბუქად გაყვითლებულ დაუზიანებელი კანის ფონზე. ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენით აქერცვლის შედეგად ადრეული გამონაყრის ადგილებზე რჩება ლაქები  –  ფსევდოლეიკოდერმა. დიაგნოზი ეფუძნება დამახასიათებელ კლინიკურ სიმპტომატიკას და იოდის დადებით სინჯს. საეჭვო შემთხვევებში ტარდება კანის ქერცლების მიკროსკოპული გამოკვლევა გამომწვევის აღმოსაჩენად. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება სიფილისურ როზეოლასთან, რომელიც არ იქერცლება და არ ერთიანდებიან, იოდის სინჯი ამ დროს უარყოფითია, ხოლო სეროლოგიური რეაქცია სიფილისზე დადებითია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა