ქრონიკული ფილტვისმიერი გული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრონიკული ფილტვისმიერი გული – დაავადება, რომელიც ვითარდება ფილტვების ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკული დაზიანების შედეგად, რასაც თან სდევს წნევის მომატება ფილტვის არტერიაში, მარჯვენა პარკუჭის გადაძაბვა და მისი უკმარისობის განვითარება სისხლის მიმოქცევის დიდ წრეში შეგუბებით. ეს პათოლოგია უფრო ხშირად თან სდევს ფილტვების ემფიზემას, პნევმოსკლეროზს, პნევმოკონიოზს და სხვა დაავადებებს. ამასთან ერთად წნევა ფილტვის არტერიაში აღწევს 13,3/9,33 კპა (100/70 მმ.ვწყ.სვ), მაშინ როცა ნორმა შეადგენს 3,33/2,0 კპა (25/15 მმ.ვწყ.სვ.). სიმპტომები. როგორც წესი კლინიკურ სურათში ჭარბობს ძირითადი დაავადების და მისგან გამოწვეული სუნთქვის უკმარისობის სიმპტომები (ციანოზი, ქოშინი, ხველება, ფილტვების ემფიზემის ნიშნები). ფილტვის ჰიპერტონიის განსაზღვრის მიზნით მნიშვნელობა ენიჭება ფილტვის არტერიაზე II ტონის აქცენტის გაჩენას, მისი ძირითადი სანათურების გაფართოების რენტგენოლოგიურ ნიშნებს, მარჯვენა პარკუჭის და წინაგულის გადაძაბვის ელექტროკარდიოგრაფიულ მაჩვენებლებს (მაღალი და წვეტიანი PII – III  კბილების გაჩენა ). ავადმყოფის გამოკვლევისას, პალპატორულად, ბეჭქვეშა მიდამოში შეიძლება განისაზღვროს ჰიპერტროფირებული მარჯვენა პარკუჭის პულსაცია. ქრონიკული ფილტვისმიერი გულის დიაგნოზისთვის, შესაძლებელია გამოვლინდეს სისხლის მიმოქვევის დიდ წრეში გულის უკმარისობის ნიშნები, რაც გამოიხატება ღვიძლის გადიდებით, შეშუპებებით, კისრის ვენების დაბერვით და ა.შ. თავდაპირველად დიდ წრეში შეგუბებითი მოვლენები შეიძლება მკვეთრად არ იყოს გამომჟღავნებული და ისინი შესაძლოა პერიოდულად გამოვლინდნენ, მაგალითად ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებისას. ქრონიკული ფილტვისმიერი გულის პროფილაქტიკა მდგომარეობს ძირითადი დაავადების დროულ, აქტიურ მკურნალობაში, ბრონქოდილატაციური საშუალებების, სუნთქვითი ვარჯიშების გამოყენებაში, რაც ხელს უწყობს სისხლის აიროვანი ცვლის ნორმალიზაციას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა