ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქრონიკული ჩირქოვანი შუა ოტიტი – მიმდინარეობს ყურიდან ხანგრძლივი ჩირქდენით; მყარადაა შენარჩუნებული დაფის აპკის გახრეტილი არე და ქვეითდება სმენა. დაავადება ვითარდება მწვავე ჩირქოვანი ანთების შედეგად, რასაც ხელს უწყობს მიკრობთა მაღალი ვირულენტობა, ორგანიზმის რეაქტიულობის დაქვეითება, ცხვირსა და ცხვირხახაში ქორონიკული პათოლოგიური პროცესი, არარაციონალური მკურნალობა. სიმპტომები, მიმდინარეობა. სმენის დაქვეითება. ოტოსკოპიით ვლინდება დაფის აპკში ნახვრეტი. პროცესის ხასიათისა და ნახვრეტის ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ ქრონიკულ მეზოტიმპანიტსა და ქრონიკულ ჩირქოვან ეპიტიმპანიტს. მეზოტიმპანიტის დროს  ხვრელი მდებარეობს დაფის აპკის ცენტრალურ ნაწილში, ეპიტიმპანიტის დროს  –  ზედა ნაწილში; არაიშვიათად იგი იკავებს ორივე ნაწილს, და მაშინ ლაპარაკობენ ეპიმეზოტიმპანიტზე. მეზოტიმპანიტი მიმდინარეობს, როგორც წესი, შედარებით კეთილსაიმედოდ, ვიდრე ეპიტიმპანიტი. მის დროს შედარებით იშვიათია გართულებები. ეპიტიმპანიტი ან ეპიმეზოტიმპანიტი მიმდინარეობს ძვლის კარიესით (ოსტიტი) გრანულაციების და პოლიპების წარმოქმნით. შესაძლებელია  ე. წ. ქოლესტეატომები, რომლებიც კლინიკურად ვლინდება როგორც სიმსივნე, ან იწვევს ძვლის დესტრუქციას და ამით ქმნის ქალაშიდა გართულებების საშიშროებას. დიაგნოზის  დადგენა ხდება ანამნეზისა და ოტოსკოპიის მონაცემების  საფუძველზე. ანამნეზში, როგორც წესი, აღინიშნება შუა ყურის მწვავე ჩიურქოვანი ანთება შემდგომი პერიოდული ან მუდმივი  ჩირქდენით. ძვლის დესტრუქციული პროცესის ხასიათისა და გავრცელების შესაფასებლად მნიშვნელოვანია საფეთქლის ძვლის რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა