ქსეროდერმა პიგმენტური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ქსეროდერმა პიგმენტური – (xeroderma pigmentosum; ბერძ. Xeros მშრალი + derma კანი; ლათ. Pigmentum საღებავი) იშვიათი მემკვიდრეობითი ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ულტრაიისფერი სხივებისადმი მომატებული მგრძნობელობით და სხეულის  ღია ნაწილების კანის პოიკილოდერმიის ტიპის პათოლოგიური ცვლილებებით. დაავადება  ვლინდება 2 – 3 წლის ასაკის ბავშვებში, იშვიათად მოზრდილ ასაკშიც. ბავშვობაში განვითარებული  დაავადება ხასიათდება მძიმე მიმდინარეობით, ხოლო უფროს ასაკში – პროცესის ზომიერი პროგრესირებით. დაავადება ხშირად იწყება გაზაფხულობით ან ზაფხულში მზეზე ხანგრძლივი ყოფნის შემდეგ; წარმოიქმნება ანთებითი რეაქცია მზის ერითემის სახით სხეულის ღია ნაწილებზე; შემდგომში ვითარდება კანის სიმშრალე და პიგმენტაცია. რამდენიმე წლის შემდეგ წარმოიქმნება ტელეანგიექტაზიები; კანის ატროფიული ცვლილებები სხვადასხვა მოხაზულობისა და სიდიდისაა. ატროფიული პროცესი შესაძლოა მიმდინარეობდეს ცხვირის წვერის, ყურის ნიჟარების განლევით, ცხვირის ხვრელის, პირის ხვრელის შევიწროებით, ბლეფარიტის გავითარებით, წამწამების დაცვენით, რქოვანას შემღვრევით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა