ყბისახლო ფლეგმონა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ყბისახლო ფლეგმონა – ყბა – სახის მიდამოს კანქვეშა, ლორწქვეშა და ფასციებს შორისი უჯრედისის ჩირქოვანი დიფუზური ანთება. ეტიოლოგია: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, კბილის სპიროქეტა, ანაერობები. პათოგენეზი დაკავშირებულია ქსოვილების ვენური დინებისა და ლიმფური დინების მდგომარეობასთან, რბილი ქსოვილების ღრმა ფენებში ინფექციის შეღწევასთან და ორგანიზმის ალერგიული და არასპეციფიკური რეაქტიულობის მდგომარეობასთან. ფლეგმონის განვითარებას ხშირად წინ უძღვის ყბის ოსტეომიელიტი, მწვავე მწვერვალახლო დაავადებები, ლიმფადენიტი და სხვ. სიმპტომები. მკვეთრი მტკივნეულობა ღეჭვის დროს, ყბის მოძრაობის (ტრიზმი), სუნთქვის, მეტყველების დარღვევა, ყლაპვის გაძნელება, ნერწყვდენა, სახის ასიმეტრია. სახის დიფუზური, მკვრივი, პალპაციით მტკივნეული შეშუპება დაზიანებულ მხარეზე. გამოხატულია ინტოქსიკაციის ნიშნები – სისუსტე, ოფლიანობა, შემცივნება, პულსის და სუნთქვის გახშირება. სისხლში – ფორმულის მარცხნივ გადახრა, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ედს – ი მკვეთრად მომატებულია. სხეულის ტემპერატურა მატულობს 39 – 400C – მდე. მიმდინარეობა შეიძლება გართულდეს ასფიქსიით, სახის ვენების თრომბოზით, მენინგიტით, მედიასტინიტით, სეფსისით და სხვ. მკურნალობა ქირურგიულია: ღრმა კერების ფართოდ გახსნა; ჩირქოვანი კერის დრენირება; შეჰყავთ ანტიბიოტიკები დიდი დოზებით, სულფანილამდები, ჰემოდეზი, გლუკოზა ვენაში, ანტისტრეპტოკოკური შრატი, გამა – გლობულინი, პოლიგლუკინი, რინგერის ხსნარი. ლპობითი პროცესის დროს – განგრენის საწინააღმდეგო პოლივალენტური შრატი; კისრის, პირის ღრუს, ხახის ახლო ფლეგმონის დროს – ზოგჯერ ტრაქეოტომია. კონსერვატული მკურნალობა ინიშნება პროცესის საწყის სტადიებზე და შედარებით დამაკმაყოფილებელი ზოგადი მდგომარეობის დროს. პროგნოზი ჩირქგროვის რადიკალური გახსნისა და ინტენსიური ანტიბიოტიკოთერაპიის დროს კეთილსაიმედოა, ლპობითი ფლეგმონების და დაგვიანებული მკურნალობის დროს – საეჭვოა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა