შარდკენჭოვანი დაავადება

შარდკენჭოვანი დაავადება – ხასიათდება შარდგამომყოფ გზებში კენჭების წარმოქმნით. თირკმლის კენჭები უხშირესად გვხვდება მამაკაცებში, ჩვეულებრივ ცალ თირკმელში. დაავადების განვითარებაში მნიშვნელობა ენიჭება მინერალური ცვლის, მჟავა – ტუტოვანი წონასწორობის დარღვევას, საკვების და სასმელი წყლის ხასიათს, ზოგიერთი ვიტამინების, განსაკუთრებით A ან იშვიათად D ვიტამინის უკმარისობას, შარდის შეკავებას სხვა უროლოგიური დაავადებების გამო, შარდგამომყოფი გზების ინფექციებს.

სიმპტომები

შარდკენჭოვანი დაავადების ტიპიური გამოვლინებებია – თირკმლის კოლიკა, ჰემატურია, კენჭების დაძვრა შარდთან ერთად. თირკმლის კოლიკა დაკავშირებულია კენჭის გადანაცვლებასთან შარდგამომყოფ გზებში ან შარდის გამოყოფის დარღვევებთან. ტკივილები თირკმლის კოლიკის დროს ძალიან მკვეთრია, მწვავე, შემზარავი, ლოკალიზდება უხშირესად წელის მიდამოში და ირადირებს  შარსაწვეთის გაყოლებაზე. შარდის გამოყოფა გაძნელებულია და მტკივნეული. ტკივილს შეიძლება თან ერთვოდეს გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, რომლებმაც მისი ატიპიური ლოკალიზაციის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს დიაგნოსტიკური სიძნელეები. ამასთან ერთად დიაგნოსტიკური მნიშვნელობა ენიჭება სისხლნარევი შარდის გამოყოფას ან დანალექ შარდში დიდ რაოდენობით ახალი ერითროციტების აღმოჩენას. თუ შარდკენჭოვანი დაავადება ვითარდება საშარდე გზების ინფექციის ფონზე, მაშინ კოლიკის შეტევებს, შესაძლებელია, თან ახლდეს შეციება ტემპერატურის მომატების პარალელურად და შარდში დიდი რაოდენობით ლეიკოციტების გაჩენა. ავადმყოფის გამოკვლევისას აღინიშნება პასტერნაცკის დადებითი სიმპტომი (მტკივნეულობა წელის მოდამოში მასზე დადებულ ხელისგულზე მეორე ხელის მსუბუქად დარტყმის შედეგად).

შარდკენჭოვანი დაავადების მიმდინარეობა მრავალფეროვანია. ის დიდი ხნის განმავლობაში შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს, ზოგჯერ გამწვავების გარეშე შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს მსუბუქი ხასიათის ტკივილებს წელის მიდამოში, ხოლო შარდში ჩნდება სხვადასხვა მარილის კრისტალები. ხშირად გვიხდება შარდკენჭოვანი დაავადებების დროს ტკივილების დიფერენცირება სხვა დაავადებებისგან. დიაგნოზის დასმის მიზნით მნიშვნელობა ენიჭება რენტგენოლოგიურ კვლევას (ექსკრეტორული პიელოგრაფია). შარდგამომყოფი გზების დახშობის შემთხვევაში და მასზე ინფექციის დართვისას, თირკმელში შესაძლებელია განვითარდეს ჰიდრონეფროზი ან პიელონეფროზი.

შარდკენჭოვანი დაავადების პროფილაქტიკა მდგომარეობს საკმაო რაოდენობის სითხეების მიღებაში (დღეში 2 – 3 ლიტრამდე). თუკი შარდში აღმოჩნდება ფოსფატური ან კარბონატული კენჭები, მაშინ დიეტაში უნდა შეიზღუდოს რძე, რძის პროდუქტები, კვერცხი. შარდში ურატების არსებობისას იზღუდება ხორცი, შოკოლადი, პარკოსნები, ინიშნება რძიანი და მცენარეული დიეტა. თუ შარდში ოქსალატებია, საკვებიდან ვიღებთ მჟაუნას, რძეს, თხილს, შოკოლადს, რეკომენდირებულია ვაშლი, მსხალი. დიდი მნიშვნელობა ენიჭება საშარდე გზების ინფექციების დროულ და აქტიურ მკურნალობას. ნაჩვენებია საკურორტო მკურნალობა.

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

გაფრთხილება!