შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი

შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი – (შიდსი; ინგლ. Acquired immune deficiency syndrome, AIDS) ვირუსული დაავადება, რომელიც ხასიათდება იმუნიტეტის სისტემის დაზიანებითა და შეძენილი, მეორადი იმუნური უკმარისობით. ადამიანებში ვირუსი ვლინდება ლიმფოციტებსა და სისხლის პლაზმაში, ასევე სპერმაში, ცრემლში და ნერწყვში.

გამომწვევი არ გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით, რადგანაც მისი კონცენტრაცია ნერწყვში არასაკმარისია.  როგორც სჩანს, მისი ორგანიზმში შეღწევა შესაძლებელია კანისა და ლორწოვანის დაზიანებით, ასევე სქესობრივი ურთიერთობებისას და სისხლისა და მისი პრეპარატების გამოყენებისას.

დაავადების კლინიკური გამოვლინებები მრავალფეროვანია. ავადმყოფებს შესაძლოა განუვითარდეთ ხანგრძლივად მიმდინარე (4 თვიდან 4 და მეტ წლამდე) ლიმფადენოპათიები და ლიმფომები, ორგანოებისა და ქსოვილების სხვადასხვაგვარი სიმსივნური დაზიანებები, რომელთა შორის დომინირებს კაპოშის სარკომა. აღინიშნება დაავადების სხვა ნიშნებიც: გახანგრძლივებული ცხელება, რომელიც არ ექვემდებარება ანტიბიოტიკებით მკურნალობას, ხანგრძლივი დიარეა, გამოფიტვა, წონაში დაკლება.

შიდსს თან ახავს ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი ან პროტოზოული ბუნების ინფექციების განვითარება. ავადმყოფთა მკურნალობა ტარდება სტაციონარში, პროგნოზი ხშირად  არაკეთილსაიმედოა, უმრავლეს შემთხვევებში მთავრდება ლეტალობით.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი