ცხვირხახის ფიბრომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ცხვირხახის ფიბრომა – ცხვირხახის განსაკუთრებულად ხშირი სიმსივნე. ჰისტოლოგიურად მიეკუთვნება კეთილთვისებიან ახალწარმონაქმნებს, თუმცა მათი განუხრელი ზრდის, რომელსაც ახლავს გარემომცველი ქსოვილების დესტრუქცია, მათ შორის ძვლოვანის, მიდრეკილება რეციდივებისაკენ ამოკვეთის შემდეგ, ასევე ხშირი, ზოგჯერ სიცოცხლისათვის საშიში სისხლდენების გამო ზოგჯერ ამ სიმსივნეებს განიხილავენ როგორც ავთვისებიანებს. ფიბრომის საწყის ადგილს წარმოადგენს ცხვირხახის თაღი და ხახის უკანა კედელი; ზრდა მიმართულია ხახის, ცხვირისა და დანამატი წიაღების ღრუში, თვალბუდეში, იშვიათად ქალას ღრუში. სიმსივნე წარმოიქმნება, როგორც წესი, ბიჭებში 10 – 13 წლის ასაკში. 24 – 25 წლის შემდეგ სიმსივნის ზრდა წყდება და იგი ექვემდებარება უკუგანვითარებას. სიმპტომები, მიმდინარეობა. ცხვირის ცალმხრივი დაცობა, 5 – 6 თვის შემდეგ ცხვირით სუნთქვა მთლიანად წყდება ორივე მხარეზე, ვლინდება დახურული დუდღუნაობა. შესაძლოა მკვეთრი ანემია, როგორც შედეგი განმეორებითი სისხლდენებისა, რაც დამახასიათებელია მოცემული დაავადებისათვის. გავრცელებული სიმსივნის დროს მისი ზრდის მიმართულების მიხედვით შესაძლოა წარმოიქმნას ეგზოფთალმი, მაგარი და რბილი სასის გამობერვა, გარეთა ცხვირის დეფორმაცია და სხვა ნიშნები. სიმსივნის ზრდა ქალას ღრუში საფრთხეს უქმნის ავადმყოფის სიცოცხლეს. დიაგნოზის დაზუსტება ხდება წინა და უკანა რინოსკოპიით, ცხვირხახის პალპაციით. პროცესის გავრცელებას აზუსტებენ რენტგენოლოგიური მეთოდით, ტომოგრაფიით. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ადენოიდებთან და ავთვისებიან სიმსივნეებთან, რომელთაგან განსხვავებითაც ცხვირ – ხახის ფიბრომის დროს არ ვითარდება მეტასტაზები და დაწყლულებები. მკურნალობა ქირურგიულია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა