წვრილი ნაწლავის მარტივი წყლული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

წვრილი ნაწლავის მარტივი წყლული – წვრილი ნაწლავის პირველადი წყლული წამოადგენს იშვიათ დაავადებას, რომელიც ხასიათდება ერთეული ან მრავლობითი დაწყლულებების გაჩენით უპირატესად თეძოს ნაწლავში; მორფოლოგიურად მოგვაგონებს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის პეპტიკურ წყლულს. გვხვდება უპირატესად მამაკაცებში. ეტიოლოგია და პათოგენეზი უცნობია. წინასწარგანმწყობი ფაქტორებია ადგილობირვი სისხლძარღვოვანი დარღვევები, კუჭქვეშა ჯირკვლის წვენის მომატებული აქტივობა, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება (პრედნიზოლინი, კალიუმის მარილები და სხვ.). სიმპტომები ნაკლებსპეციფიკურია და დიაგნოზის დადგენა ხშირად ხდება ოპერაციის დროს, გართულებების წარმოქმნისას (პერფორაციები, ნაწლავური სისხლდენები). ზოგჯერ აღინიშნება ტკივილი ეპიგასტრიუმში ან მარჯვენივ, თეძოს ნაწლავის არეში, რომელიც ვითარდება ჭამიდან 3 – 4 საათის შემდეგ; აღინიშნება ლოკალური მტკივნეულობა ამ მიდამოში და მუცლის წინა კედლის დაჭიმვა პალპაციისას. განავლის გამოკვლევა ავლენს ფარულ სისხლდენას. რენტგენოლოგიური გამოკვლევით ზოგჯერ ვლინდება წყლულოვანი ნიშა წვრილ ნაწლავში. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება ტუბერკულოზურ წყლულებთან, წვრილი ნაწლავის წყლულებთან მუცლის ტიფის დროს, ამილიოდოზის, რეგიონალური ენტერიტის, სიმსივნის დაშლისას. შესაძლო გართულებებია: სისხლდენა ნაწლავებიდან, პერფორაცია, ნაწლავის სტენოზირება. მკურნალობა ტარდება სტაციონარში წყლულოვანი დაავადების ზოგადი პრინციპების მიხედვით. გართულებების წარმოქმნისას – ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა.

გაფრთხილება!