წინამენსტრუალური სინდრომი

წინამენსტრუალური სინდრომი – სიმპტომების კომპლექსი, რომელიც მეორდება ციკლურობით და ვლინდება ციკლის მხოლოდ მეორე ნახევარში, ხშირად 3 – 12 დღით ადრე მენსტრუაციამდე. სიმპტომები, მიმდინარეობა. საკმაოდ მრავალფეროვანია: თავის ტკივილი, მკვეთრი გაღიზიანებადობა ან დეპრესია, მტირალობა, სისუსტე, გულისრევა, ღებინება, კანის ქავილი, ტკივილები გულის არეში, გულისცემის შეტევები, ტკივილები მუცლის არეში. გასინჯვით ხშირად ვლინდება კანზე სხვადასხვა სახის გამონაყარი, სახის, ხელების და მთელი სხეული შეშუპება, სარძევე ჯირკვლების მტკივნეული გამაგრება, მეტეორიზმი. მენსტრუალური ფუნქცია, როგორც წესი, არ ირღვევა, ზოგჯერ აღინიშნება ჰიპომენორეა. თითოეულ ავადმყოფში, წინამენსტრუალურ სინდრომს გააჩნია ინდივიდუალური თავისებურება, თუმცა ყველა ავადმყოფში, ციკლის პირველ ფაზაში ზემოთაღნიშნული სიმპტომები სრულიად ქრება.

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი