ჰემორაგიული ენცეფალიტი პირველადი მწვავე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჰემორაგიული ენცეფალიტი პირველადი მწვავე – (სინ.: შტრიუმპელ – ლეიხტენშტერნის ენცეფალიტი, მწვავე ჰემორაგიული ენცეფალიტი, ჰერსტის დაავადება) ინფექციურ – ალერგიული ბუნების იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება თავის ტვინის სიხლძარღვების უპირატესი დაზიანებით, მრავლობითი პერივასკულური წვრილკეროვანი სისხლჩაქცევებით თავის ტვინის თეთრ ნივთიერებაში. დაავადებას საფუძვლად უდევს ცენტრალური ნერვული სისტემის ჰიპერერგული რეაქცია სხვადასხვა ვირუსებზე. ხშირად ავადდებიან ახალგაზრდები. პროდრომულ პერიოდში, რომელიც გრძელდება 2 კვირამდე, აღინიშნება ზედა სასუნთქი გზების კატარალური მოვლენები, სისუსტე, სუბფებრილური ტემპერატურა. მდგომარეობის გაუარესება უეცრად ვითარდება: მკვეთრად მატულობს ტემპერატურა, აღინიშნება თავის ტკივილი, ღებინება, ფსიქომოტორული აგზნება, რასაც თან ახლავს გონების დაბინდვა და ბოდვები; ზოგჯერ წარმოიქმნება კრუნჩხვითი შეტევები. ვითარდება ტვინის შეშუპება, ღრმავდება თავის ტვინის ზოგადი დარღვევები. ასეთ ფონზე ჩნდება სხვადასხვა კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომები. ტვინის შეშუპებასთან ერთად ვითარდება კომატოზური მდგომარეობა. ჩვეულებრივ დაავადება გრძელდება რამოდენიმე დღიდან რამოდენიმე კვირამდე. აღწერილია ელვისებური მიმდინარეობა, როდესაც 1 – 2 საათში პირველი ნიშნების გამოჩენიდან ვითარდება კომა ორგანიზმის მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების შეუქცევადი ცვლილებებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა