შეშუპება

შეშუპება

შეშუპება – ორგანიზმის ქსოვილებსა და ღრუებში ჭარბი სითხის დაგროვება. შეიძლება იყოს ზოგადი და ადგილობრივი, წარმოქმნის მიხედვით  –  შეგუბებითი, რომელსაც იწვევს ორგანიზმში ელექტროლიტების შეკავება, სისხლში ცილის ნაკლებობა (ჰიპოპროტეინემია). ნივთიერებათა ცვლის მოშლა, ალერგია, ანთება და სხვ.

ზოგადი შეგუბებითი შეშუპება გულის დაავადებათა დროს გულის უკმარისობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია და დასაწყისში ჩნდება ტერფებზე, წვივებზე (ფეხზე დგომისას), გავასა და წელზე (წოლისას), შემდეგ კი ვრცელდება მთელი სხეულის კანქვეშა უჯრედისზე.

სითხე შეიძლება დაგროვდეს სხეულის ბუნებრივ ღრუებში  –  პლევრაში (ჰიდროთორაქსი), მუცლის ღრუში (ასციტი), პერიკარდიუმის ღრუში (ჰიდროპერიკარდიტი), სათესლე პარკში (ჰიდროცელე) და სხვ. ორგანიზმში ნატრიუმის შეკავებასა და ცილის რაოდენობის შემცირებასთან არის დაკავშირებული თირკმლის დაავადებების (ნეფრიტი, ნეფროზი, ამილოიდოზი) დროს განვითარებული შეშუპება, რომელიც იწყება სახიდან (განსაკუთრებით თვალების გარშემო) და შემდეგ მთელ სხეულზე ვრცელდება; ამავე მექანიზმით აიხსნება ღვიძლის ციროზის შედეგად პორტული ჰიპერტენზიის დროს განითარებული შეშუპება (უმეტესად ასციტი). აგრეთვე კორტიკოსტეროიდული ჰორმონული პრეპარატების (კორტიზონი, პრედნიზოლონი და სხვ.)  ხანგრძლივი მიღებით, შიმშილობით გამოწვეული შეშუპება; გარდა ამისა შეშუპება შეიძლება განვითარდეს ნივთიერებათა ცვლის მოშლის შედეგად ფარისებრი ჯირკვლის უკმარისობისას (მიქსედემა)  და სხვ.

ალერგიული შეშუპება ვითარდება კანზე და ლორწოვან გარსზე. ადგილობრივ შეშუპებას (კიდურებზე და სხეულის სხვა უბნებში) იწვევს ვენური სისხლის ან ლიმფის ნაკადის შეგუბება თრომბოფლებიტის, ვენების თრომბოზის დროს, აგრეთვე ვენებსა ან ლიმფურ ძარღვებზე ზეწოლა (ნაწიბური, გადიდებული ლიმფური კვანძი, სიმსივნე).

ანთებით შეშუპებას, რომელიც ინფექციის კერის გარშემო ჩნდება, დაერთვის სიწითლე, ტემპერატურის მომატება, ტკივილი და ორგანოს ფუნქციის მოშლა.

მკურნალობა: ძირითადი დაავადების მკურნალობა; არაანთებითი შეშუპების დროს შარდმდენი საშუალებანი, სამკურნალო კვება. ვ. ალადაშვილი. [“1”]   – ჭარბი რაოდნობის სითხის დაგროვება ქსოვილებში სხვადასხვა დაავადებების დროს  ჰიდროსტატიკური წნევის გაზრდის, სისხლძარღვთა განვლადობის მომატების, ონკოზური წნევის დაქვეითების შედეგად.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..