შოკი

შოკი – (ფრანგ. choc – დარტყმა, შერყევა)  სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობა, რომელიც აღინიშნება სხვადასხვა დაავადებებისა და ტრავმების დროს და ხასიათდება ქსოვილების არასაკმარისი სისხლმომარაგებით, სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ორგანოების ფუნქციის დარღვევით. შოკის დროს განვითარებული სიპათო – ადრენალური სისტემის აქტივაცია იწვევს ტაქიკარდიასა და თირკმელების, ღვიძლის, კანის, კუნთების სისხლძარღვთა შევიწროებას, რაც შემდგომში იწვევს უჯრედთა შეუქცევად დაზიანებასა და ორგანოების იშემიას. მიზეზების მიხედვით განასხვავებენ ტკივილით გამოწვეულ, ჰემორაგიულ, ჰემოლიზურ, ტრავმულ, დამწვრობით, ინფექციური – ტოქსიკურ, ანაფილაქსიურ და სხვ. სახის შოკს. განვითარების მექანიზმის მიხედვით – ჰიპოვოლემიურ, კარდიოგენურ, სისხლძარღვოვან და შერეულ შოკს. ვლინდება არტერიული წნევის დაცემით, ტაქიკარდიით, ცნობიერების დარღვევეით, სიფერმკრთალით, ციანოზით, კანის მარმარილოსებრი შეფერვით, სუნთქვის დარღვევით და სხვ. მკურნალობა: ავადმყოფს აწვენენ ჰორიზონტალურად, ვენაში შეჰყავთ სითხეები, რომელიც ზრდის ცირკულირებადი სისხლის მოცულობას და შეჰყავთ ასევე სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალება (ნორადრენალინი, დოფამინი). გადაუდებელი დახმარების შემდეგ აუცილებელია სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია რეანიმაციის განყოფილებაში.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი